05-12-2022 17:00:36 ანალიზი
დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი ადგილია. იქიდან ყოველდღიურ რეჟიმში მოდის ცნობები ორივე მხრიდან სასტიკი ბრძოლებისა და მძიმე დანაკარგების შესახებ, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სხვა რაიონებში შედარებითი სიმშვიდის ფონზე. 5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები შეტევითი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენდნენ ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებებზე.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითაც, ახლა დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილებია ბახმუტი და სოლედარი. სწორედ ბახმუტთან ბრძოლას შეეწირა ერთ დღეში 5 ქართველი სამხედრო, რაც ყველაზე მასშტაბური დანაკარგია უკრაინაში მებრძოლ ქართველთა შორის სრულმასშტაბიანი ომის დროს.
„7 ქართველის შემადგენლობით ოპერაციის ჩასატარებლად შევედით. დავიკავეთ პოზიციები. შეიცვალა გეგმები, გადაიდო შეტევით ოპერაცია, მაგრამ საწყისი წერტილი, რომელსაც ჩვენ ვამაგრებდით, არ დაგვიტოვებია. ჩვენს ფლანგზე იყვნენ უკრაინელები. ჩვენ რომ მოვხსნილიყავით, უკრაინელებს საშიშროება შეექმნებოდათ, რომ მათი პოზიციებისთვის ფლანგიდან დაერტყათ, ამიტომ, გადავწყვიტეთ, გავჩერებულიყავით მანამ, ვიდრე არ მოვიდოდა საწინააღმდეგო ბრძანება, რომ პოზიციები დაგვეტოვებინა და უკან გამოვსულიყავით“,– იხსენებს 3 დეკემბერს, ხუთი ქართველისთვის საბედისწერო დღეს ქართველი სამხედრო გიორგი როინიშვილი.
ჯგუფი ოპერაციის გაგრძელებას დილისთვის ელოდა, თუმცა საწყისი წერტილის დაკავებიდან დაახლოებით, ნახევარ საათში, ძალიან ინტენსიური ბრძოლა დაიწყო. მათ შეტევის პირველი ტალღა წარმატებით მოვიგერიეს. რამდენიმე წუთში შეტევა განმეორდა და მისი მოგერიებაც უდანაკარგოდ შეძლეს. შემდეგ ჯგუფს ორი სამხედრო გამოეყო მეთაურის ბრძანების საფუძველზე, რომ შეეფასებინათ ვითარება, იყო თუ არა ფლანგიდან შემოვლის საფრთხე:
„ჩვენთან ერთად იყო ასევე უკრაინელი მაიორი. ეს ტყეში ხდება. 5 ჩვენი თანამებრძოლი თავის პოზიციაზე დარჩა. გადავედით 20-25 მეტრით შორს და წამოვიდა მესამე ტალღა. ძალიან ინტენსიური ცეცხლი იყო. ეს სამი კაცი ხოხვა-ხოხვით წავედით ჩვენი პოზიციებისკენ. ჩვენი პოზიციებიდანაც ცეცხლი წამოვიდა. 15 წუთის შემდეგ ცეცხლი შეწყდა. ჩვენებისკენ გადავინაცვლეთ და იქიდან ჩვენს მიმართ კიდევ ცეცხლი წამოვიდა. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ ჩვენები იყვნენ და ცეცხლს ვერ გავხსნიდით, ამიტომ, დავუძახეთ ჩვენს მეგობარს მეტსახელით, მაგრამ იქიდან ცეცხლი წამოვიდა. მოკლედ, კიდევ ორჯერ მივედით ჩვენს პოზიციებამდე, მაგრამ გვესროდნენ. იძულებულები გავხდით, ბაზაზე ჩამოვსულიყავით. საბაზისო წერტილიდან დილას მოხდა დრონების აფრენა და დრონების საშუალებით დაინახეთ, რომ ჩვენი თანამებრძოლები დახოცილები იყვნენ, ჩვენი პოზიციები მტერს ჰქონდა დაკავებული", - ყვება გიორგი როინიშვილი „მთავარ არხთან“ და აგრძელებს, „ბიჭებმა ორი ტალღა მოიგერიეს და მერე მესამე ტალღა არ დათმეს, ნაბიჯიც არ ჰქონდათ გადადგმული, ყველა თავის ადგილას დარჩა“.
რატომ უტევენ ბახმუტს
რუსული სამხედრო-პოლიტიკური მანქანის მოტივაცია სხვადასხვა დონეზე შეიძლება, განსხვავებული იყოს. პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და პროპაგანდისტულ მედიას სჭირდება, დადებითი საინფორმაციო სურათი. რუსეთის ჯარებმა კი დიდი ხანია, ვერ მიაღწიეს წარმატებას უკრაინის ფრონტზე, მათ მიერ განცდილი დამარცხების სერია კი სასოწარკვეთილებას და აპათიას იწვევს როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ზურგში. ბახმუტის დაკავებამ შეიძლება, აამაღლოს მათი მორალური განწყობა,– ფიქრობენ პროცესზე დამკვირვებლები. დაახლოებით მსგავსი მოსაზრება აქვს უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალსაც, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სირსკის, მიიჩნევს რა, რომ რუსეთის არმიას ბახმუტის ხელში ჩაგდება სურს არა სტრატეგიული, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო:
„რიგი დანაკარგების შემდეგ, რომლებიც მტერმა ხერსონში, ხერსონის ოლქში, მანამდე ხარკოვის ოლქში და ლიმანში განიცადა, იგი ცდილობს, ყველა საშუალებით დაეუფლოს ამ ქალაქს, გაარღვიოს თავდაცვის ხაზი და ამით მოახდინოს პირადი შემადგენლობის მოტივირება, აამაღლოს მისი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რუსეთის არმია ბახმუტის ხელში ჩაგდებას მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს. აქამდე ექვსჯერ გამოაცხადა ქალაქის აღების ვადა, მაგრამ ყველა ჯერზე, ჩვენი ჯარისკაცები თავიანთი გმირული საქმიანობით ფუშავდნენ მტრის ჩანაფიქრს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან [რუსეთის არმიამ-რედ.] მაქსიმუმ, 5 კილომეტრით თუ შეძლო წინ წაწევა“.
პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, გაშმაგებული შეტევა ბახმუტზე პირდაპირაა კავშირში რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან. მას მხედველობაში ჰყავს „ვაგნერელთა“ დაჯგუფება და ამ კომპანიის დამფუძნებელი რუსი ბიზნესმენი, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი („პუტინის პოვარი“). ბევრი სპეციალისტის დაკვირვებით, პრიგოჟინი, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში „ვაგნერის“ მეშვეობით რიგი დავალებების შესრულებისა, არ ითვლებოდა სისტემის ნაწილად, ახლა კი ერთგვარ ლიდერად ჩამოყალიბებას ცდილობს, მათ შორის, რუსულ არმიაზე „ვაგნერის“ უპირატესობის და მისი მხარდაჭერის აუცილებლობის წარმოჩენით.
„ერთ–ერთ ჩვენს მებრძოლს ვესაუბრე, რომელიც ბამუტის მიდამოებში მოქმედებს, „საკუთრი მებრძოლების გვამებს აბიჯებენო“. ამ მიმართულებაზე რუსების გაშმაგებული შეტევა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთში მიმდინარე შიდა მოვლენებთან: ბახმუტი შედის „ვაგნერის“ პასუხისმგებლობის ზონაში, რომლის უფროსიცაა პრიგოჟინი. თავის „თეთრ ყვავებად“ წარმოჩენას ცდილობენ. ბახმუტი და სხვა მიმართულებებიც გამოფიტვის ომის ნაწილია: არ აქვს მნიშვნელობა, შეტევაზე არიან თუ თავდაცვაზე – ზამთარს ორივე მხარეზე ექნება ნეგატიური ეფექტი, მაგრამ განსაკუთრებით, რუსეთის ცოცხალ ძალაზე, რომელსაც რუსეთი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს“, – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.
ხოლო გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „აქცენტთან“ სხვა გარემოებებზეც ამახვილებს ყურადღებას:
ამ მიმართულებაზე შეტევას რუსები ახორციელებენ, მაგრამ ძალიან ნელა უწევთ წინ წასვლა. აქ რუსებს თავმოყრილი აქვთ საცეცხლე შესაძლებლობები, დაახლოებით1/8–სთან არის შეფარდება (უპირატესობა არტილერიის კუთხით). შესაბამისად, იყენებენ ამ უპირატესობას მათთვის ჩვეული მეთოდით – მიწასთან გაასწორონ ყველაფერი და შემდეგ წინ წავიდნენ. აქტიურ შეტევაში რუსები ჯავშანტექნიკას არ იყენებენ, ძირითადად ქვეითები და არტილერიაა მთავარი მოთამაშე ამ მიმართულებაზე. ბახმუტი არ არის ალყაში, როგორც ვრცელდება დეზინფორმაციები. რომელიღაც მიმართულებაზე შესაძლოა, მცირე, ლოკალური ალყები იყოს, ეს დამახასიათებელია მობილური თავდაცვებისა და შეტევებისთვის, მაგრამ თვითონ ქალაქი უკრაინელების ხელშია, უკრაინელებს უკავიათ თავდაცვა და ჯერ–ჯერობით უძლებენ ამ შეტევებს. აქ ტაქტიკური სიახლე არაა: დიდ ხნის წინ მომზადებული თავდაცვის გარღვევის მცდელობა ხორციელდება რუსების მხრიდან. ძირითადი, მაინც არტილერია მუშაობს, რაც რუსებს აქვთ, უკრაინელებს კი სჭირდებათ და რაც შეიძლება ჩქარა შესაბამისი საცეცხლე საშუალებების გაძლიერება დასავლეთიდან“.
კაპანაძის დაკვირვებით, რუსებმა ამ რაოდენობრივი უპირატესობის შექმნა შეძლეს იმ ძალებით, რომელიც ხერსონიდან „ფაქტობრივად, უდანაკარგოდ გამოიყვანეს, რაც ვთვლი, რომ უკრაინელების შეცდომა იყო“: „სწორედ ამ ძალებითაა გაძლიერებული ეს მიმართულება ვაგნერელებთან ერთად. უკრაინელები ახლა სვატოვოს მიმართულებაზე უტევენ (ხარკოვი), თუმცა ბახმუტის მიმართულებაზე შეტევის გაძლიერების გამო იქიდანაც გადმოჰყავთ ძალები. ამდენად, ძირითადად მიმართულებად ახლა ორივე მხარისთვის ბახმუტია: უკრაინელებისთვის შენარჩუნება, რუსებისთვის – შეტევა. უკრაინელები ვერ მოაშიშვლებენ მთელს ფრონტს და ყველაფერს აქ ვერ წამოიღებენ, რადგან ამით რუსები ისარგებლებენ, განსაკუთრებით, ბელარუსის მიმართულებით“.
კაპანაძე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შენელებას არმიების საჭიროებებს უკავშირებს და არა ზამთრის კლიმატს:
„ოპერატიულ დონეზე, მით უმეტეს, 21–ე საუკუნეში, ამინდს და გეოგრაფიას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. აქ ლაპარაკი შეიძლება, იყოს კონკრეტული ტაქტიკური ამოცანის შესრულებაზე, რა შეგიწყობს ხელს და რა არა. თუ გზები გაფუჭდა შემტევი მხარისთვის, ის ასევე ფუჭდება მომარაგების თვალსაზრისით დაცვაში მყოფი მხარისთვის. ზამთრის მოახლოება ართულებს შენიღბვას, ხეებს ფოთლები აღარ აქვთ და დამალვა რთულია, არც გადაადგილებაა მარტივი, მაგრამ იზრდება ღრუბლიანი დღეების რაოდენობა, ღამე და როდესაც ტექნიკურად აღჭურვილი ხარ, ეს გარკვეულ უპირატესობას გაძლევს. ამდენად, პლუსები და მინუსები არსებობს. აქ მთავარია, რომ რუსებზე არანაკლებ არიან უკრაინელები სიცივეს ჩვეულნი, მეორე – რვა წელია, უკრაინელები ზამთარში ომობენ, განსხვავებით რუსებისგან და ეს გამოცდილება უკრაინელების უპირატესობაა. ეს არ არის მე–19 საუკუნე, რომ ტემპერატურის გამო ბრუნდებოდნენ ყაზარმებში ჯარები, მე საბრძოლო მოქმედებების შენელებას ვუკავშირებ იმას, რომ ორივე მხარეს სჭირდება ძალების გადაჯგუფება, შევსება, რეზერვის მომზადება და ბრძოლაში შეყვანა. ესაა ფართომასშტაბიანი შეტაკებების შემცირების მიზეზი“,– ამბობს გენერალი და დასძენს, რომ ალბათ, უფრო გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ რაღაც მნიშვნელოვან გარდატეხას ფრონტის ხაზზე.