Accentnews.ge
რატი ბრეგაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: "სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს"

რატი ბრეგაძე – სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: "სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს"

05/12/2022 14:26:40 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ.

მინისტრმა თქვა, რომ არ იცნობს ცენტრ "ემპათიას" დასკვნას, თუმცა იცის ის დიაგნოზები, რომლითაც კლინიკაში იყო შეყვანილი და თვლის, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულ სააკაშვილისთვის:

"უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ. ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული, ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა. იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივამედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ".

მისი თქმით, "სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, როგორც ამ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, ასევე, ყველა სხვა იმ პირისთვის, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფება."

მინისტრმა ერთ–ერთი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენოს. მან გაიხსენა ადვოკატის დარღვეული პირობა, რომ დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალური იქნებოდა სასამართლოში მის წარდგენამდე:

"ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ყოვლისმცოდნეები“ არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე, რადგანაც კითხვა დასვით სპეკულაციებთან დაკავშირებით,თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო აქამდე გამოხატული ინტერესი რაც შეეხება უშალოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცულობას. ამის კონკრეტული მაგალითია, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოშიმშილე ადამიანს არ მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისაკენ, მორალთან ძალიან მწყრალად არის და ნამდვილად მეპარება ეჭვი იმაში, ადამიანი, რომელიც მოშიმშილეს პირიქით ეუბნება, რომ შიმშილობა გააგრძელოს, ის გულწრფელად იყოს დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება არ სურდეს. რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური“.

იუსტიციის მინისტრს ჰკითხეს, "ხდება თუ არა მისი მხრიდან წითელი ხაზების დარღვევა, რატომ უარესდება სააკაშვილის მდგომარეობა თუ სახელმწიფო მისთვის ყველაფერს აკეთებს და აღიარებს თუ არა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე". ამ კითხვებს მინისტრმა "დამაზუსტებელი კითხვებით" უპასუხა და თქვა, რომ ჟურნალისტი კითხვების დასმის ნაცვლად მის ოპონირებას ცდილობდა ისე, რომ კითხვის ფორმულირებას ვერ ახერხდება. საბოლოოდ რატი ბრეგაძემ თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა პატიმარი თანასწორია, შეუძლებელია მსჯავრდებული ადამიანის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი გათავისუფლების გარეშე და რომ კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S