„მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ნებით არიან ჩართულები მეგობარი უკრაინელების ბრძოლაში, ეს ისტორიული ბრძოლაა!“
05/12/2022 14:36:04 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა უკრაინის ომში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, გაღებულ მსხვერპლს და ბრძოლას ისტორიული უწოდა.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
„საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია. მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა.
მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.


