"პოზიციის დაფიქსირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი“
05/12/2022 15:10:29 პოლიტიკა
პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსული აგრესიის თაობაზე იმ ქვეყნების მხრიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რომლებიც ასევე გახდნენ მსხვერპლნი. ამ კონტექსტში მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა პოზიციონირებისთვის.
„არავისთვისაა საიდუმლო, რომ ჩვენი საერთო, ევროპული უსაფრთხოება დგას საფრთხის ქვეშ. აღსანიშნავია, ჩვენი ტრადიციული ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. ქალბატონ პრეზიდენტს გადავუხადე უდიდესი მადლობა მისი პოზიციის გამო, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ამჟღავნებს და აფიქსირებს მიმდინარე მოვლენებთან, რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოზიციის დაფიქსირება. ჩემი დიდი მოწიწება და პატივისცემა მინდა გამოვხატო ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ, რომელიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ევროპის ჩვენს ნაწილში მდებარეობს და ისტორიულად და გეოგრაფიულად ხვდება, თუ რა დიდი საფრთხეების შემცვლელია რუსული აგრესია არამარტო უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, საქართველოსთვის. მე მადლობელი ვარ ქალბატონი პრეზიდენტის მისი პოზიციის ღიად დაფიქსირების გამო, რაც მან არაერთხელ გააკეთა. პოლონური საზოგადოება და პოლონელები ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს.
გვახსოვს, როგორ იცავდა საქართველო თავის ტერიტორიას 2008 წელს. ჩვენმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, 2008 წელს, როდესაც საქართველოში ჩავიდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და საქართველოს მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადება მაშინ ამ აქციაზე, შეიძლება, ითქვას, წინასწარმეტყველური იყო - „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ პოლონეთის რიგიც დადგება ალბათ, ამ აგრესიულ ისტორიაში“ და პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ „თუ ჩვენ არ გავაჩერებთ რუსეთს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და თუ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გაუწია წინააღმდეგობა ამ აგრესიას, ის უფრო ფართო მასშტაბს მოიცავს“.
მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელიც ასევე მონაწილეობას იღებს როგორც საქართველოს მხარე უკრაინისთვის დახმარების საკითხში“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.


