კასიანოვი: "საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია"
06/12/2022 09:15:22 პოლიტიკა
უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინულმა მხარემ ქართულს გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართა, თუმცა პასუხი კვლავაც არ მიუღია.
„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში, გენერატორები და ტრანსფორმატორები, რათა უზრუნველყოს განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის, სკოლებისთვის. ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით და სამწუხაროდ, დადებითი პასუხი დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან ომის დაწყების შემდეგ, "მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად", საელჩოს პასუხი არ მიუღია უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არგადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს. ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან. ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით. უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა. არა მხოლოდ თანამედროვე, ახალი იარაღი, მოძველებული საბრძოლო მასალაც კი ღირებულია ამ ომში უკრაინისთვის. ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით - მოიშორა და მოგვაწოდა მოძველებული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა შენახვის ვადა უახლოვდება გამოყენების ზღვარს და მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მათი უტილიზაციისთვის. ამას ხაზს უსვამს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი გამოსვლების დროს. დიდი ოცეულის სამიტზე თავის გამოსვლაში, რომელიც ახლა G-19-ის სამიტად გადაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია აგრესიით, ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ტერორიზმის შეწყვეტით. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა პარტნიორს, ვინც მოგვაწოდა ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოვაგდოთ რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი და ირანული დრონები“, – განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინას უმძიმესი ზამთარი უდგას საომარი მოქმედებების გარდა, უმწვავესი ენერგოკრიზისის გამო, რომელიც ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია.


