კასიანოვი გამოდის ინიციატივით, თბილისის ქუჩებს უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელები მიენიჭოთ
06/12/2022 10:25:55 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი გამოდის ინიციატივით, თბილისის ქუჩებს უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელები მიენიჭოთ.
"უკრაინას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - განაცხადა კასიანოვმა საელჩო გამართულ ბრიფინგზე.
მან მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დღეს უკრაინისთვის იბრძვიან და თქვა, რომ ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ უკრაინის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაც:
"დღეს უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ როგორც უკრაინის, ისე საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისთვის ქართველი მოხალისეები იბრძვიან. ისინი იბრძვიან არამხოლოდ ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა შეიარაღებულ ფორმირებებში და ისინი დღესაც სრულუფლებიანად აღნიშნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს. სამწუხაროდ, დღე ეს დღესასწაული მიმდინარე წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მოხალისეების გარდაცვალებამ დაჩრდილა. ესენი არიან ავთო რურუა, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი, ბადრი მარკელია. ჩვენ თავებს ვხრით მათ წინაშე და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული აგრესიის შედეგად 33-მა ქართველმა გმირმა უკვე გაწირა სიცოცხლე ჩვენი საერთო მტრისგან უკრაინისა და საქართველოს დასაცავად. ჩვენთვის ისინი უკრაინის ნამდვილი გმირები არიან და მათი ხსოვნა დარჩება მილიონობით უკრაინელის გულში".


