მდინარაძე: "არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ვიღაცები უკრაინის ომში მიჰყავთ"
06/12/2022 11:50:21 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მებრძოლთა ნაწილი თავისი რწმენით იბრძვის, მეორე ნაწილი კი „ომის პარტიის“ წევრებმა წაიყვანეს.
„თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან. ასეთებიც არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ მათ შორის. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მეც მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს. მესამე, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, თქვენგან განსხვავებით, სწორად იგებს ქართული საზოგადოება. დიახ, ყველამ ვიცით, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ?! თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სოფელ-სოფელ და რაიონ-რაიონ დადიან. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნიათ რწმენა, რომ იბრძვიან თავისუფლებისთვის, თავისი ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ არიან ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ ამ ბრძოლაში და ამ ომში“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.


