იუსტიციის მინისტრი: "სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობენ"
06/12/2022 18:09:32 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა მედიასაშუალების გამოყენებით ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას ცდილობს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„სასჯელის გადავადებისთვის არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გაწერილი გზები. თუკი ვინმეს სურს, რომ მიმართოს სასამართლოს, ეს არის მისი უფლება. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მტკიცებულებათა ერთობლიობით და მხარეებმაც შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ. თუმცა ვხედავთ ძალიან მარტივ და იაფფასიან ხრიკებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ისინი ყველა შესაძლო გზით, მათ შორის, ტელევიზიების გამოყენებით, სხვადასხვა მედიასაშუალებით ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ მოსამართლეზე. ფაქტობრივად, მას წინასწარ ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ცდილობენ, ქუჩაში დახვდნენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ, მათ შორის, მედიებმა იმისთვის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა", – აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული ამ კამპანიის მიზანი სააკაშვილის, მათ შორის, უკანონო გზით გათავისუფლებაა".
„თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში დაუშვებელია მოსამართლეზე ზეწოლა. მეეჭვება, რომ არსებობდეს თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფო, სადაც მედია იქნება ეს, თუ ოპოზიცია აძლევდეს თავს სასამართლო საქმიანობაში ჩარევის უფლებას და ამ ყველაფერს ასაღებდეს ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობის დაინტერესებით. მთელი ამ კამპანიის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მათ შორის, ისეთი გზებით, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ვაცხადებ როგორც იუსტიციის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ჩვენ ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა უნდა განიხილონ, 9 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.


