იუსტიციის მინისტრი: "თუ სააკაშვილი დაინტერესებულია განკურნებით და არა მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან?"
06/12/2022 18:41:44 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გაიმეორა ის, რაც თქვა „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.
„იგი იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. ხაზგასმით ვიტყვი, თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, და არა მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მანამდე, „ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ ჭამს“.
მის განცხადებას სააკაშვილის დედა გიული ალასანია გამოეხმაურა და შემდეგი აღნიშნა:
"მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება, უჭირს. მოწმე ვარ, რომ ვერ იღებს საკვებს".
ცნობისთვის: კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე 9 დეკემბერს ჩაინიშნა.


