
ბრიტანეთთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულება: ახალი შესაძლებლობები
24/10/2019 08:15:25 თვალსაზრისი, ინტერვიუ
„აქცენტის“ ინტერვიუ დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩთან თამარ ბერუჩაშვილთან.
– 21 სექტემბერს „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ გაფორმდა. რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს იგი საქართველოს?
– გაერთიანებული სამეფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული - სტრატეგიული ურთიერთობები აკავშირებს. 21 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმება სწორედ ამ გამორჩეული ორმხრივი ურთიერთობების ასახვაა. აღსანიშნავია, რომ 100 წლის წინ, 1919 წელს დამყარდა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, რომელთა აღდგენაც 1992 წელს მოხდა. სიმბოლურია, რომ სწორედ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავზე საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.
საქართველო ევროკავშირთან დადებული „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების მქონე ქვეყნებიდან პირველია, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოსთან ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და იმავდროულად, პირველი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოა, რომელთანაც ბრიტანეთმა „ბრექსიტის“ შემდგომ თავისუფალი ვაჭრობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
ხელმოწერილი დოკუმენტის ძირითადი მიზანია ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის (ბრექსიტის) გათვალისწინებით, ქვეყნებს შორის ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შექმნა და ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი სფეროს დარეგულირება, როგორიცაა პოლიტიკური თანამშრომლობა, კონფლიქტის მოგვარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სხვა.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების მთავარი დანიშნულება „ბრექსიტის“ შემდგომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული „ასოცირების შესახებ“ შეთანხმების ორმხრივი - საქართველო-ბრიტანეთის რეჟიმით ჩანაცვლებაა, ორ ქვეყანას შორის არსებულმა ურთიერთობებმა მოგვცა შესაძლებლობა, დოკუმენტში აგრეთვე ასახულიყო თანამშრომლობა ის დარგებში, როგორიცაა მაგალითად, თავდაცვა და უსაფრთხოება. შეთანხმებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.
დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა და მხარეთა შორის თანამშრომლობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ხელშეკრულება ადგენს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის განსაკუთრებულ რეჟიმს და აყალიბებს სამართლებრივ ჩარჩოს არსებული ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებისა და გაღრმავებისთვის.
გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების გამოყენებისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მხარეები რეგულარულად გამართავენ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, რომელსაც ამჟამად „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდება. „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ქმნის მყარ საფუძველს ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ორ ქვეყანას შორის პრაქტიკულად ყველა სფეროში არსებული განსაკუთრებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრიტანეთთან ხელმოწერილი შეთანხმება უზრუნველყოფს ყველა იმ და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და სიკეთეს, რასაც იძლევა ევროკავშირთან დადებული „ასოცირების შესახებ“ შეთანხმება, იმ გამონაკლისით, რომ იგი ორ სახელმწიფოს - საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
– ბრძანეთ, შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობას და ა.შ. შეგიძლიათ, გვითხრათ, კონკრეტულად რა აქტივობებს შეიძლება, გულისხმობდეს ეს უკანასკნელი?
– რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩართულობა ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხრიდან, რომელთაგან გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი მოწინავეა.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 21 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტია, განსხვავებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისგან, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური მნიშვნელობისაა, მაგრამ უმეტესწილად სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნული შეთანხმება, როგორც სავალდებულო ბუნების მქონე დოკუმენტი, აღიარებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთის უკანანო სამხედრო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე და ნაბიჯები, გადადგმული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და კონფლიქტის შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის ჩათვლით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.
გარდა ამისა, შეთანხმებაში ხაზგასმულია მხარდაჭერა საქართველოს მიერ მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი მტკიცედ ნაკისრი ვალდებულებისა და მისი ძალისხმევის მიმართ, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა კონფლიქტის მშვიდობიანი და საბოლოო მოგვარების ამომწურავი პოლიტიკის თანმიმდევრულად და გაერთიანებული სამეფოს მიერ ნაკისრი ვალდებულების მიმართ, მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიან და საბოლოო მოგვარებას.
დოკუმენტი აგრეთვე ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის, ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ქმედითი საერთაშორისო ჩართულობის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისა და დევნილის სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ხელშესახები მიზნების მიღწევის, მტკიცე არაღიარების პოლიტიკის განხორციელების, კონფლიქტების შედეგად გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და ნდობის აღდგენის და მათთან შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობას.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, როგორც საქართველო, ისე გაერთიანებული სამეფო იღებენ ვალდებულებას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩათვლით, გაავრცელონ ორ ქვეყანას შორის ამ შეთანხმებით გათველისწინებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელი.
ხელშეკრულება აგრეთვე ავალდებულებს მხარეებს, მოახდინონ სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან და ორგანიზაციებთან ძალისხმევის კოორდინირება, რათა წვლილი შეიტანონ საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. კონფლიქტის მდგრად გადაწყვეტამდე და კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად არსებული ფორმატებისთვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება ორი ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი თემა, ისევე, როგორც სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან დიალოგისას.
– აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი კრძალავს ქვეყნის მიერ იმ სახელმწიფოების დახმარებას, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ გამოყოფილი თანხები არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სეპარატისტულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად. ამ ახალი შეთანხმების გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია, ანალოგიური დოკუმენტი ბრიტანეთმაც მიიღოს?
– გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამ მხრივ ბრიტანეთი ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც ბრიტანული მხრიდან გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის თანასპონსორობაა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი ახალი ორმხრივი შეთანხმება სამართლებრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებისა და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესში.
რაც შეეხება ბრიტანელების მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 2017 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის მსგავსი დოკუმენტის მიღებას, ამ თემაზე საქართველოს საელჩოს აქტიური დიალოგი აქვს შესაბამის პარტნიორებთან, როგორვ მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიასთან. ბრიტანეთის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ზოგადი მიდგომა და პრაქტიკა დახმარების პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ამ ტიპის საკანონმდებლო აქტების მიღების დაბალ ალბათობას განაპირობებს.
თუმცა ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ მხარდაჭერის სხვა ეფექტურ ზომებს. ამ მიმართულებით, საელჩოს ძალისხმევის შედეგად, 2018 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის მხარდაჭერით ჯგუფის თავმჯდომარემ ჯონათან ჯანოგლიმ თემთა პალატაში მრავალპარტიული პოლიტიკური განცხადების (Motion) ინიცირება გააკეთა. აღნიშნული განცხადება, რომლის სახელწოდებაა "Georgia 100th Anniversary, Motion 1500", წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის პირველ პრეცედენტს ამ ფორმით. პარლამენტის პოლიტიკური განცხადება მიესალმება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას; დემოკრატიის კონსოლიდაციის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის, მედიათავისუფლების, კარგი მმართველობის, ღია მმართველობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით ბოლო წლებში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს. განცხადება ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას, ადგილზე ადამიანის უფლებათა მიუღებელ დარღვევებს და ადასტურებს დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
– „ბრექსიტის“ შემდეგ მსოფლიოში ახალი რეალობა შეიქმნა, რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს ამან საქართველო–ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებზე?
– „ბრექსიტის“ შემდგომ რეალობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია მკაფიოა: გაერთიანებული სამეფო ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას. შესაბამისად, კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა აღნიშნული ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასაც მოიცავს. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ჩამოაყალიბა ახალი, „ბრექსიტის“ შემდგომი ხედვა „გლობალური ბრიტანეთის“ (Global Britain) თაობაზე, რაც გულისხმობს, რომ „ბრექსიტი“ აღქმულ უნდა იქნას არა როგორც გამოწვევა, არამედ გლობალური მასშტაბით ფართო შესაძლებლობების შემქმნელი გარემოება. კერძოდ, „გლობალური ბრიტანეთის“ ხედვა, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს სხვა სახელმწიფოებთან არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ურთიერთობების დამყარება-განვითარებას. გარდა ამისა, „ბრექსიტის“ შემდეგ ბრიტანეთი გეგმავს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ გაერთიანებული სამეფო უფრო სიღრმისეულად ჩაერთვება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში, რასაც ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, ვინაიდან როგორც საქართველო, ისე ბრიტანეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას ეკონომიკური განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის კონტექსტში, „ბრექსიტის“ შემდგომ, ჩვენი ახალი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩვენ გვექნება ფართო შესაძლებლობები ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, რაც აუცილებლად მოუტანს სარგებელს ქართველ მწარმოებელსა და მომხმარებელს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „გლობალური ბრიტანეთის“ ხედვა აგრეთვე მოიცავს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ღირებულებების ხელშეწყობას. ამ კუთხით ბრიტანეთის მთავრობა პირობას დებს, რომ „ბრექსიტის“ შემდგომ, როცა ქვეყანა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს, გაერთიანებული სამეფო აღასრულებს ე. წ. „მაგნიცკის აქტის“ მსგავს დებულებებს ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში მხილებული პირების წინააღმდეგ, რაც შესაბამისი პირებისთვის სავიზო აკრძალვების დაწესებასა და მათი ანგარიშების გაყინვას გულისხმობს. ამ მხრივ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ხსენებულ დებულებებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" შეყვანილ პირებზეც გაავრცელებს.
– ბრიტანეთში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღება საკმაოდ ძნელი და ძვირადღირებულია. ახლა, როცა ბრიტანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ, შესაძლებელია თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები?
– ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ბრიტანელ კოლეგებთან, რათა მოხერხდეს მათი მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, შემდგომში სრულად გაუქმების მიზნით, მითუმეტეს - იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მგზავრობისთვის ბრიტანელი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. თუმცა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაართულა ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პროცესმა. კერძოდ, „ბრექსიტის“ გათვალისწინებით, ბრიტანეთის მთავრობა მიგრაციის ახალი პოლიტიკის მომზადების პროცესშია და შესაბამისად, ამ ეტაპზე ბრიტანულ მხარეს უჭირს სავიზო რეჟიმებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება არეგულირებს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ისეთ სფეროებს, როგორიცაა მიგრაცია, თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის, დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ახალი შეთანხმების თანახმად, საქართველო და გაერთიანებული სამეფო იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ მობილობის, კანონიერი მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის მიმართულებით, რაც შექმნის შესაძლებლობებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობისთვის.
ამრიგად, დღეის მდგომარეობით, კონკრეტულ მოლოდინებზე საუბარი რთულია, თუმცა ახალი შეთანხმება ნამდვილად იძლევა ნოყიერ საფუძველს უახლოეს მომავალში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხის განხილვისათვის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021