ხერხეულიძე: "მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, იგი ცდილობს, რომ იცოცხლოს"
07/12/2022 09:56:25 პოლიტიკა
ენმ–ის წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ტყუილია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ იკვებება და ყველამ, ვისაც მასთან აქვს შეხება, იცის, რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული საკვების მიღება.
როგორც ხერხეულიძე ამბობს, "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის გუშინდელი განცხადება მისთვის წარმოუდგენელი იყო.
"მიხეილ სააკაშვილი არცერთ შემთხვევაში არ ცდილობს, რომ ხელოვნურად არ მიიღოს საკვები. მინდა, საგანგებოდ ვთქვა, რომ ეს ტყუილია. მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს იმისთვის, რომ გადარჩეს, ის ცდილობს, რომ იცოცხლოს. მიხეილ სააკაშვილის არჩევანი სიკვდილი არ არის, ის ცდილობს, რომ ეს მდგომარეობა დაძლიოს. ის ვითარება და რეალობა, რაც მის კვებასთან მიმართებაში გვაქვს შემდეგია - ეს მას არ შეუძლია. ზურაბ ჩხაიძესთან ბევრჯერ მქონია ურთიერთობა და გვისაუბრია გამოსავლის ძებნაზე. მომისმენია კონსულტაცია, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მძიმე მდგომარეობა დაძლეული იყოს. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც გუშინ მოვუსმინე", – განაცხადა ხერხეულიძემ "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ.
„ვივა მედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ ჭამს“.


