პრემიერი: "უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით"
07/12/2022 13:41:32 პოლიტიკა
"უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს.
„მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ეს დახმარება ახლაც გრძელდება. ამის მაგალითია უკრაინულ ენაზე განათლება - უკრაინელი ბავშვები აქ განათლებას იღებენ უკრაინულ სკოლებში, რომელიც გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას და დახმარებას გავაგრძელებთ. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


