Accentnews.ge
ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

07/12/2022 13:57:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ "არ უთქვამს, რომ ყველა ადამიანის წაყვანა არის ორგანიზებული "ომის პარტიის" მიერ".

მან საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც უკრაინაში ომობს, "განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება" უსურვა.

„ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ვარ მეორედ. ჩემი დამოკიდებულება, ყურადღება, პატივისცემა ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის, ასევე, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. ჩემი ნათქვამი იქნა არასწორად გაგებული, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკრაინაში დღეს ომობს, ვუწოდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დიდი სიცრუეა ეს. მე ვთქვი შემდეგი – ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიის საშუალებით დასახელებული იქნა კონკრეტული გვარები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე არ მითქვამს, რომ ყველა ამ ადამიანის წაყვანა ორგანიზებულია ომის პარტიის მიერ. მე ვთქვი, რომ უნდა გაიმიჯნოს. არის კატეგორია ადამიანების, შეიძლება, რამდენიმე ათეული იყოს, რომელთა წაყვანა ორგანიზებულია სააკაშვილის, ომის პარტიის, იმ პარტიის მიერ, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა და დაკარგა, ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები. მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები დღესაც არიან პარტიის მოქმედი წევრები, მაგალითად მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი, ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. მე ასე მესმის – თუ ადამიანი ომობს, მინდა, მივმართო მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია. ეს არის ფაქტი. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი მრწამსით წავიდნენ, მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S