კობახიძე: "სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ"
08/12/2022 15:20:38 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც არასწორია, ეს არის ბოლო კომენტარი, რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვაკეთებ. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ უნდა მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ. მათი მიზანია პოლიტიზება, ჩვენ კი არ გვინდა ამის პოლიტიზება, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს:
„პოლიტიკურად ითხოვენ ჩვენგან გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი, ეს ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენ ამ ადამიანებს. ვერანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გადაწყვეტილება. პოლიტიკური მოთხოვნა, მოსამართლის დაბულინგება და ა.შ. ეს არის მათი გზა, ხოლო ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ პოლიტიკური დისკუსიის საგნად არ უნდა ვაქციოთ ეს საკითხი, სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც უკავშირდება პატიმრის თავისუფლებას".
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმარს მოეპყროს სათანადოდ. ხოლო როდესაც პატიმარი თვითდაზიანებას იყენებს, ეს მისი პასუხისმგებლობაა:
"როდესაც პატიმარი აწარმოებს თვითდაზიანებას, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი პასუხისმგებლობა, დანარჩენი, პატიმრის მიმართ სათანადო მოპყრობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის უწყების პასუხისმგებლობაა“.


