დეგნანი: "ნათელია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ"
09/12/2022 07:37:18 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ნათელია, ვის მხარეს იჭერს ქართველი ხალხი" რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.
მისი თქმით, ქართველი ხალხის პოზიცია და ერთგულება უკრაინელების მიმართ კარგად ჩანს იმ დახმარებით, რასაც ისინი უკრაინელებს უწევენ.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მისი ხალხის იდენტობისთვის და ეს არის ის, რაც ქართველებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა მათთვის იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას.
„ჩემი აზრით, ნათელია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, მისი ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას. ქართველი ხალხის პოზიცია და ერთგულება უკრაინელების მიმართ კარგად ჩანს იმ გულუხვი დახმარებით, რასაც ისინი უკრაინელებს უწევენ", – განაცხადა კელი დეგნანმა.


