მოსკოვში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირეს მხარი
09/12/2022 14:16:42 პოლიტიკა
მოსკოვში გამართულ ფორუმზე "რუსულ-ქართული ურთიერთობები: განვითარების პერსპექტივები", რომლის ორგანიზატორები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტი და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" იყვნენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირეს მხარი.
როგორც რუსეთის "სტრატეგიული კულტურის ფონდის" ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული, "პირველად მრავალი წლის განმავლობაში, 7 დეკემბერს ორი ქვეყნის პარლამენტარები და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ღია დიალოგისთვის და საჭირბოროტო პრობლემების განსახილველად".
იმავე ინფორმაციის თანახმად, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები.
"მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ აუცილებელია ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც. არახელსაყრელი სამხედრო-პოლიტიკური გარემოებების მიუხედავად, მეგობრული კონტაქტები არასოდეს გამწყდარა, რაზეც მნიშვნელოვანი ტურისტული ნაკადიც მეტყველებს ურთიერთინტერესთან ერთად, ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს შორის ნათესავური კავშირების სიმრავლე და მზარდი ტვირთბრუნვა" – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსული მხრიდან ფორუმში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ლეონიდ კალაშნიკოვი, კაზბეკ ტაისაევი, არტიომ კავინოვი, ვლადიმირ ისაკოვი, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების, გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდისა და დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან კი - პრორუსი პოლიტიკოსები დიმიტრი ლორთქიფანიძე, თემურ ფიფია, ვალერი კვარაცხელია, ასევე ავიაკომპანია "Georgian Airways"-ის ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია და სხვები.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის მონაწილე კაზბეკ ტაისაევი ამჟამად "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევით ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს სტუმრობს სსრკ-ის შექმნის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასაწრებად.
"ფორუმის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, მიმართონ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს წინადადებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენისა და რუსეთში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომისვლა 2019 წლის 8 ივლისს, გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი კი რუსეთმა 2000 წელს შემოიღო. თავის მხრივ, საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვალში გაუუქმა.


