წიკლაური: "პოლიტსაბჭომ პეტრე ცისკარიშვილს პარტიის ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეუზღუდა"
11/12/2022 14:45:30 პოლიტიკა
„პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განსაზღვრა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია. როგორც გენერალურ მდივანს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხარის, სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. რადგან მეც, სხვასაც გამოხატული აქვს ეს პოზიცია და ბატონ პეტრესაც ჰქონდა გამოხატული ეს ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ და ამავე დროს ფლობდა გარკვეულ რესურსებს, იმისთვის, რომ იყოს მეტი ნეიტრალიტეტი, მეტი გამჭვირვალობა ამ მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო “, – განაცხადა წიკლაურმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. კენჭისყრა ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.


