თბილისი თვალსაწიერ მომავალში მოსკოვთან პირდაპირ ავიამიმოსვლას გამორიცხავს
12/12/2022 08:33:07 პოლიტიკა
საქართველო თვალსაწიერ მომავალში რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას არ გეგმავს. ამის შესახებ რუსულ "ТАСС"-თან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
"რაც შეეხება პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიში ამ ეტაპზე არ დგას" - აღნიშნა მან.
- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის საქმეთა მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა ორიოდ დღის წინ "ТАСС"-თან ინტერვიუში "საჭირო წინაპირობების ფორმირების შემთხვევაში" საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოვლის აღდგენა არ გამორიცხა.
- რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ შეწყვიტა.
აბაშიძე გამოეხმაურა ასევე რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ამასწინანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაგეგმილი გაუქმების თაობაზე.
- "ТАСС"-თან ინტერვიუში დენის გონჩარმა არც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება გამორიცხა და აღნიშნა, რომ "თბილისისთვის პირობები კარგადაა ცნობილი" . "მოსკოვმა შესაძლოა, მიიღოს ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საჭირო წინაპირობების ფორმირების შემთხვევაში. თბილისისთვის პირობები კარგადაა ცნობილი. არ გამოვრიცხავთ ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღებას" - აღნიშნა მან.
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო. თავის მხრივ, საქართველომ 2011 წლის თებერვალში რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ მოსკოვი რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისათვის და ეს რეჟიმი დღემდე ნარჩუნდება. ანუ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა.


