სააკაშვილი მაკრონს დახმარების თხოვნით მიმართავს
12/12/2022 09:19:03 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს წერილით მიმართავს. წერილში ექსპრეზიდენტი მაკრონს დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ "კვდება, ბევრი დრო არ აქვს".
"le Monde-ს, მის მკითხველებს და კონკრეტულად, პრეზიდენტ მაკრონს:
მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიბრძოდი თავისუფლებისთვისა და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი მე მის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმიჩნევს. იგი საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა. ახლა მე ვარ ციხეში, როგორც ერთ-ერთი მისი პირადი პატიმარი. ამერიკაში დაფასებულმა ტოქსიკოლოგებმა დაასკვნეს, რომ მე ციხეში მომწამლეს. მოწამვლისა და აღრიცხული წამების ფაქტების შემდეგ ექიმებმა შეაჯამეს, რომ თუ მე დავრჩები პატიმრობაში, უფრო სწრაფად მოვკვდები. მე უკვე დავკარგე ჩემი წონის მესამედი. მე არ შემიძლია გადაადგილება, ჩემი ტვინი დაზიანებულია. მე მჭირდება რეაქციები მსოფლიოსგან, რადგან მე ვკვდები, ბევრი დრო არ მაქვს. მე პრეზიდენტი მაკრონის და საფრანგეთის მოსახლეობის იმედი მაქვს", - ნათქვამია წერილში.
გასულ კვირას ფრანგმა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი მომავალ კვირაში გეგმავს მობილიზდეს იმისთვის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპულ საავადმყოფოში გადაიყვანონ.


