ღარიბაშვილი: "აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის გენგეგმაზე, რათა აღარ იყოს ქაოტური განვითარება"
12/12/2022 11:08:37 პოლიტიკა
აქტიურად ვმუშაობთ მთელი ქვეყნის „მასტერ პლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია დაიგეგმოს, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ქვეყნის განვითარების გეგმის შესამუშავებლად, მთავრობა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას გეგმავს.
„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილებას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა,“ - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, გონიოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
„ვგეგმავთ მსხვილი პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, იგეგმება ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების განახლება-რეაბილიტაციაც.
„ტურიზმის მიმართულებით, ამ ეტაპზე, 200 მილიონი გამოიყოფა. გვინდა 8-10 ლოკაცია შევარჩიოთ. ყველაზე პოპულარული ადგილები შევარჩიეთ - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, ბათუმი, თბილისი, წყალტუბო და ა.შ. და გვინდა, რომ დავიწყოთ სრული ურბანული განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. დეტალურ გეგმას რამდენიმე ხანში წარმოგიდგენთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


