აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა"
13/12/2022 06:22:06 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებით, დეპარტამენტი „ძალიან ახლოდან აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას".
სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის" მოწოდებულ წერილობით განცხადებაში.
სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მოსამართლის სტატუსით მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.


