„ის, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას არად დაგიდევთ, ჩემთვის შეშფოთების საგანია"
13/12/2022 07:16:35 პოლიტიკა
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტით ინტერესდება, უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ":
"რადგან, რაღაც თვალსაზრისით, ამაზე განცხადების გაკეთება საყურადღებოდ ჩათვალეს, ეს თავის თავში შეიცავს კრიტიკის ელემენტსაც“.
მისივე შეფასებით, როცა გესმის ვინ არის ჩრდილოელი მეზობელი, შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის პოზიციას არაფრად აგდებს.
„ის, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას არად დაგიდევთ, ჩემთვის შეშფოთების საგანია და ვერც ერთი რაციონალური არგუმენტით ვერ ვხსნი, რადგან შეუძლებელია საქართველოში ცხოვრობდე, ბოლო პერიოდის მოვლენები გესმოდეს, გესმოდეს ვინ არის შენი ჩრდილოელი მეზობელი და მთავარ მოკავშირესთან სამყაროში ასეთი ტიპის ქცევებით იფუჭებდე საქმეს," - განაცხადა ხვიჩიამ.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდება და არც იმის ელის, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ:
„მე არ ველოდები არაფერს მსგავსს და არ დაველოდები მანამ, სანამ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ერთ პოლიტიკურ ძალას მისცეს ძალაუფლება ხელისუფლების ყველა შტოზე. ეს პირველ რიგში ეხება ამომრჩეველს, ამიტომ სანამ ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს, რომ მათ ერთპიროვნულად მართავდეს ვინმე, მანამდე მსგავსი ტიპის პერსპექტივები და იმედები ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადავდოთ. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მას საზღვარგარეთ სამკურნალოდ ამ სიტუაციაში გადაიყვანენ“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.
სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მოსამართლის სტატუსით მიმართავს სახალხო დამცველიც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.


