კობახიძე – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შესახებ: "სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს"
13/12/2022 09:09:44 პოლიტიკა
"სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს - არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისა, არ არსებობს", - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
კობახიძის თქმით, სახელმწიფომ საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად იცის.
„ვთქვი, რომ ამ თემაზე [მიხეილ სააკაშვილზე] კომენტარს არ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან - ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს; საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის პირობები, რაც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან, ეს სხვაობა განსაკუთრებით ხელშესახებით ციხის ნაწილშია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარშია ნათქვამი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას „ძალიან ახლოდან აკვირდება“.


