Accentnews.ge
მთავრობის მიმართვის შემთხვევაში EBRD ანაკლიის პორტის პროექტში კვლავ ჩართულობას არ გამორიცხავს

მთავრობის მიმართვის შემთხვევაში EBRD ანაკლიის პორტის პროექტში კვლავ ჩართულობას არ გამორიცხავს

13/12/2022 14:41:37 ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მიმართვის შემთხვევაში "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი" (EBRD) ანაკლიის პორტის პროექტში კვლავ ჩართულობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ EBRD-ს რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰენსენმა "აქცენტს" განუცხადა.

"საქართველომ უნდა გააფართოვოს ქვეყნის პორტების გამტარუნარიანობა, რომელიც ერთგვარ შეფერხებას წარმოადგენს "შუა დერეფნის" სწრაფი განვითარებისთვის. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს, მათ შორის უკვე არსებული პორტების გამტარუნარიანობის გაფართოებას, მშრალი პორტების განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. გადაწყვეტილება, თუ რომელი გზა უნდა დავისახოთ, მთავრობაზეა დამოკიდებული და თუ იქნება მოთხოვნა EBRD-ს ჩართლობაზე მომავალ პროექტებში, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ პროექტის ფინანსური მიმზიდველობა და მისი შესაბამისობა ბანკის პოლიტიკასა და მოთხოვნებთან", – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰენსენმა.

2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა მუშაობს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების განახლებულ გეგმაზე, რომლის თანახმად, პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 51%–ით განისაზღვრება. მან ასევე გაიხსენა კონტრაქტი, რომელსაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობის მიზნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს მოაწერა ხელი, და განაცხადა, რომ კონსორციუმმა „ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება“.

12 დეკემბერს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას გამოეხმურა და აღნიშნა, რომ "რეპუტაციული ინვესტორი ამ მთავრობასთან არცერთ ერთობლივ პროექტს არ განახორციელებს".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება გაწყვიტა.

2019 წელს მთავრობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ოთხ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან, მათ შორის EBRD–თან იყო ჩართული.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" საფინანსო ინსტიტუტებს პროექტის განხორციელებისთვის საერთო ჯამში, 400-მილიონიანი სესხი უნდა გამოეყოთ. აღნიშნულისთვის ბანკები სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის დაზღვევას ითხოვდნენ. რაზეც მთავრობამ კონსორციუმს უარი განუცხადა.

“ერთი საკითხი, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა. მინდა კარგად გავმიჯნო- არსებობს ფორსმაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული და საკანომდებლო რისკები. ყველა ამ რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ. რაც შეეხება საკუთრივ ბიზნესრისკს, არასწორად მიგვაჩნია ამ რისკის აღება.

ისინი სრულად კომფორტულად არ გრძნობენ თავს იმ ბიზნესმოდელში, რაც კონსორციუმს აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაკეთდეს, მიწების გამოსყიდვაში დავეხმაროთ, ასევე, 100 მლნ აშშ დოლარს გამოვუყოთ [ანაკლიის განვითარების კონსორციუმს], ეს ყველაფერი ძალაშია. ამას გარდა, კიდევ წავედით ბევრ შემხვედრ ნაბიჯზე. თუ მთლიანად ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ კომერციული კომპონენტი სად არის?!” – აცხადებდა 2019 წელს ფინანსთა მინისტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S