გადაარჩინეთ მიშა — ევროპარლამენტარები
13/12/2022 14:53:40 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახს სოლიდარობის ნიშნად შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ევროპარლამენტარი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან ანა ფოტიგა Twitter-ზე აქვეყნებს.
„ციხეში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაღუპვა მხოლოდ პუტინს მოუტანს სარგებელს მოუტანს, საზიანო იქნება მთელი ქვეყნისთვის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, — წერს ფოტიგა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა, ევროპარლამენტარებმა და მისმა ადვოკატმა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში 12 დეკემბერს ბრიფინგი გამართეს.
ბრიფინგზე სიტყვით ყოფილი პრეზიდენტის უფროსი შვილი, ედუარდ სააკაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა სააკაშვილს “რამე საშინელება” დაემართოს, ამის თავიდან არიდებისთვის კი მისი თქმით, გამოსავალი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებაშია.
ევროპარლამენტში განიხილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც ხვალ, 14 დეკემბერს უყრიან კენჭს, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.


