Accentnews.ge
ბრეგაძე კადრების გამოქვეყნებას აანონსებს, თუ სააკაშვილი  არ "შეწყვეტს სიმულაციურ ქმედებას"

ბრეგაძე კადრების გამოქვეყნებას აანონსებს, თუ სააკაშვილი  არ "შეწყვეტს სიმულაციურ ქმედებას"

13/12/2022 18:39:03 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს სიმულაციურ ქმედებებში ადანაშაულებ.

მისი თქმით, თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდება მსგავსი ქმედებები, ხელისუფლება იძულებული გახდება, კადრები გამოაქვეყნოს.

„გარკვეულ სიმულაციასთან ნამდვილად გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა გარკვეული სიმულაციები, რა თქმა უნდა, არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არის. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან. ყოველთვის მოვუწოდებდით მას, რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი", - თქვა ბრეგაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

ჟურნალისტი დაინტერესდა, სიმულაციის რა მტკიცებულებები არსებობს. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ამას აქვს თავისი დამადასტურებელი მასალა. ასეთი არის, მათ შორის, ვიდეომასალა“.

მისივე თქმით, არსებობს „გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანი ხელს უშლიდა, მათ შორის, ექიმების საქმიანობას. ასევე, კონკრეტულად ხელს უშლიდა სასამართლოს საქმიანობას“:

„ჩვენ ძალიან ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, თუკი იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ და სახელმწიფოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი, ჩვენ იძულებულები გავხდებით, თუ არ შეწყდება ეს სიმულაციური ქმედებები (რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს თავისუფლება სამართლებრივი გზების გარეშე და განხორციელდეს კონსტიტუციით აკრძალული ქმედება, ამ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე), გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები".

მისი თქმით, სააკაშვილის მომხრეები არასწორი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ და კადრები საზოგადოებას ნათლად დაანახებს იმას, რაზეც ხელისუფლება საუბრობს.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. შუამდგომლობის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს. სასამართლოს მეგობრის სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკა "ვივამედში." ხელისუფლება ამბობს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ პაციენტი მკურნალობას რთულად ემორჩილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S