Accentnews.ge
მიკსერი: "პოტენციური კანდიდატის როლში საქართველო დღეს შერეულ სურათს და გზავნილებს წარმოგვიდგენს"

მიკსერი: "პოტენციური კანდიდატის როლში საქართველო დღეს შერეულ სურათს და გზავნილებს წარმოგვიდგენს"

14/12/2022 05:20:51 პოლიტიკა

"პოტენციური კანდიდატის როლში საქართველო დღეს შერეულ სურათს და გზავნილებს წარმოგვიდგენს", – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის წარადგინისას განაცხადა.

მისი თქმით, ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა აფერხებს არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, არამედ ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

„გზავნლები, რომელიც პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან, საქართველოდან მოდის, ძალიან სხვადასხვაგვარია. ვეცდები, დავიწყო პოზიტიურით. როგორც ასოცირებული ქვეყანა, საქართველო სარგებლობს ევროკავშირთან პრივილეგირებული პარტნიორობით და მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია კვლავ იქნება საუკეთესო გზა საქართველოს ეკონომიკის გასავითარებლად და მისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ქართველების ამბიციები არ მთავრდება მხოლოდ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულებებით, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ქვეყნის მოსახლეობაში უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ეს უზარმაზარ მხარდაჭერა უნდა აძლევდეს პოლიტიკურ ძალებს საშუალებას, რომ დადგნენ ერთად, გადალახონ განსხვავებები და ანტიპათიები და იმუშაონ ჭეშმარიტად ეროვნული მიზნის მისაღწევად. გარკვეულ სფეროებში წლების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა. მაგალითად, როცა საქმე ეხება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, საქართველო აგრძელებს იყოს ლიდერი აღმოსავლეთ სამეზობლოს ასპირანტ ქვეყნებს შორის. თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის დემონსტრირებას ვიწროპარტიული მოსაზრებები და პირადი ანტაგონიზმი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ეროვნული სტრატეგიული მიზნები. ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა საზიანოა არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის", – განაცხადა მიკსერმა.

მან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი 12 პრიორიტეტის შესრულებაზეც ისაუბრა:

"ევროკავშირი და ევროპარლამენტი აგრძელებენ მზადყოფნას, ურჩიონ საქართველოს მთავრობას როგორ მიაღწიონ წარმატებას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღწევ წინაპირობად დადგენილი 12 პრიორიტეტი განხილულ უნდა იქნას, როგორც დახმარების ხელი და საქართველოს ხელისუფლება უნდა ეცადოს ის საუკეთესოდ გამოიყენოს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები რეკომენდაციების ნაწილის მოსაგვარებლად, თუმცა რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ილუზიური ჩანს".

მან ჩამოთვალა რამდენიმე სფერო, სადაც, მისი თქმით, პროგრესია საჭირო:

"პოლიტიკის მიმართულებით, სადაც პროგრესია საჭირო, მოიცავს სასამართლო რეფორმის შემდგომ ფაზას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მედია თავისუფლების უზრუნველყოფას, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული ინტერესების აღმოფხვრა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. არცერთი მათგანის მოგვარება არ შეიძლება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. კომპლექსური რეფორმების სისტემური განხორციელება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია პროცესში“.

მისი თქმით, ერთი კონკრეტული საქმე, რომელსაც ევროპარლამენტი ყურადღებით ადევნებდა თვალს, არის ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

მიკსერმა ყოფილი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას შეფასება გაიმეორა ნიკა გვარამიას საქმეზე და ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც:

"მინდა, გავიხსენო ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ერთი განცხადება, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეს ეხება. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქმე არ პასუხობს კრიმინალური კანონის ფუნდამენტურ პრინციპებს. ასეთი განცხადება მიუთითებს რამდენიმე საკვანძო სფეროში არსებულ პრობლემებზე – სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის საჭიროებაზე. კიდევ ერთი ცნობილი საკითხი არის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბედი. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება საკითხზე და კეთდებოდა მოწოდებები, რომ სააკაშვილს შეძლებოდა საზღვარგარეთ მკურნალობა. ბოლო შემაშფოთებელი ცნობების მიხედვით, რომლის მიხედვით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ეს საკითხი უფრო მწვავეა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი თემაა, ამიტომ, მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ განვიხილავთ მის გათავისუფლებას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს და ჩვენი მიზანი არ არის ამ საქმის სამართლებრივი ან პოლიტიკური შეფასება".

იგი გამოეხმაურა ბრალდებებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე:

„რაც შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს გულწრფელ პოზიციას ამაზე და საქართველომ ბევრჯერ მისცა ხმა იმისთვის, რომ თქვას, რუსეთის აგრესია არის უკანონო, მაგრამ ღრმად შეშფოთებული ვარ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკით, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. ევროკავშირი არის მშვიდობიანი პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროკავშირსა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში ევროპის არჩევა ნიშნავს მშვიდობის არჩევას“, – განაცხადა მიკსერმა.

სვენ მიკსერის ანგარიშის მიხედვით მომზადებულ რეზოლუციას ევროპის პარლამენტი კენჭს 14 დეკემბერს უყრის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S