მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ ბიკოვი საქართველოში შემოუშვეს: "რას ელოდნენ - როსტოვის ФСБ-ს ნებართვას?"
14/12/2022 07:07:24 პოლიტიკა
საქართველოს საზღვარზე მრავალსაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი მწერალი და პუბლიცისტი დიმიტრი ბიკოვი ქართველ მეუღლე ეკატერინე ქევხიშვილთან და შვილთან ერთად ქვეყანაში შემოუშვეს, - იუწყება ბიკოვის მეგობარი, მწერალი ლაშა ბუღაძე.
ბიკოვი სტამბოლიდან ბათუმში ჩაფრინდა, რის შემდეგაც რამდენიმე საათი აეროპორტიში ალოდინეს.
თავად ბიკოვმა "ფორმულას" განუცხადა, რომ შეფერხების მიზეზები მისთვის გაუგებარია, რადგან ყოველთვის ცალსახა პოზიცია ჰქონდა როგორც უკრაინის წინააღმდეგ ამჟამინდელი, ისე საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის საკითხებში, ყოველთვის გმობდა რუსეთის ქმედებებს და არასოდეს ყოფილა აფხაზეთში.
"ვვარაუდობ, რომ პუტინის ძალები საქართველოში ჩემი გამოსვლებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ" - განაცხადა ბიკოვმა.
თავის მხრივ, ლაშა ბუღაძე წერს, რომ "სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც 2008 წლის ომის დროს მოსკოვის ქუჩებში გავიდა პლაკატით "დღეს მე ქართველი ვარ".
"ვისგან ელოდნენ მისი შემოშვების ნებართვას - ФСБ-ს როსტოვის ფილიალისგან?" - წერს ბუღაძე.


