პაპუაშვილი: "თუ ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ეს არის „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვა, ახალი ომბუდსმენი ჩვენთვის უნდა იყოს მისაღები"
14/12/2022 10:05:37 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება. მისი თქმით, პროცესი დამოკიდებულია ოპოზიციის კონსტრუქციულობაზე და აუცილებელია, კანდიდატი „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები იყოს.
„სახალხო დამცველის შერჩევას რაც შეეხება, იცით, რომ კონსულტაცია მიმდინარეობს. აქ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული. მე შემიძლია გავიმეორო ჩემი დამოკიდებულება, კანდიდატი უნდა იყოს თანაბრად მისაღები იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა სახალხო დამცველის ასარჩევად და მეორე - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ამ პარლამენტში წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და თუკი ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვას და მის დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. თუკი ვსაუბრობთ საქართველოს სახალხო დამცველზე, ის მისაღები უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. შესაბამისად, უმრავლესობის წარმომადგენელია „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს მისაღები,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის 7 კანდიდატზე აგრძელებს კონსულტაციებს ოპოზიციასთან. ესენი არიან: გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.


