კობახიძე: "ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ, რომ წაახალისეს მისი ჩამოსვლა, ვინც წაახალისა, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე"
14/12/2022 10:26:17 პოლიტიკა
"ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ, მათ შორის ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ, საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარებისგან.
"მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სახელმწიფოებრიობას. გლუკსმანი არის სააკაშვილის კორუფციული სქემის ერთ-ერთი ბენეფიციარი. ეს არის მისი მთავარი ნიშანი, ამიტომ არის ის დაინტერესებული. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სამართლის უზენაესობას, სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს არის ნომერ პირველი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. როცა ვიღაცები ამბობენ, მათ შორის ევროპარლამენტარები, ეს უნდა გაცვალოთ კანდიდატის სტატუსზეა, ეს თავისთავად უკვე არის მიუღებელი და არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა, რაც მიუთითებს, იმ კორუფციულ პრობლემებზე, რაც გამოვლინდა რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში. ყველას მოვუწოდებთ, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს და ნუ მიაყენებენ ჩრდილს მის რეპუტაციას. კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან პოლიტიკურად მოტივირებულები და ამის უკან რა დგას, საზოგადოებამ იმსჯელოს. მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ერთი მხრივ, მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება და მეორე მხრივ, მოითხოვონ ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ამას საზოგადოება უყურებს. ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყოველთვის. ეს ათი კაცი არავითარი ფორმით არ განასახიერებს ევროპას, რადგან ევროპა არის ღირებულებები“, – განაცხადა კობახიძემ.


