კობახიძე: "რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი"
14/12/2022 10:59:24 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის პარლამენტში დარჩენაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ "რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი იქნება".
"რადიკალური ოპოზიცია თუ დატოვებს პარლამენტს ეს იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი, თუნდაც საპარლამენტო პროცესების განვითარებისთვის. სულ რაღაც რამდენიმე რადიკალმა დატოვა პარლამენტი, ესენი იყვნენ, იგივე [ნიკა] მელია, [მამუკა] ხაზარაძე, [ნონა] მამულაშვილი და უკვე დადებითად დაეტყო პარლამენტის საქმიანობას. რაც მეტი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს რადიკალური ოპოზიციიდან, მით უკეთესი, რომ შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი", - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, ენმ–ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში დარჩენა-არდარჩენის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე განაჩენის მიხედვით უნდა მიიღონ:
"[იუსტიციის მინისტრი] რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს".
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.


