ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო
14/12/2022 12:16:37 პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყარა კენჭი. დოკუმენტს მხარი 430 ევროოარლამენტარმა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.
რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის სვენ მიკსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტი რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში", – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ევროდეპუტატები ევროპულ საბჭოს სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული "ოლიგარქად". აღნიშნულზე საუბარი შესწორება #2-შია. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში არ იყო. შესწორება #6-ში, რომლის ავტორიცაა "ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატი" მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია შემდეგი:
"ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორებისადმი, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, დაუწესოს პერსონალური საქნციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე".
ამ შესწორებას მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 იყო. 132-მა კი თავი შეიკავა.
ამასთან, რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად. ევროდეპუტატები ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებენ, შეისწავლოს ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.
„თუ ბრალდებები დადასტურდება, მოვუწოდებთ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ“, – ნათქვამია შესწორებაში, რომელსაც 352-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 128-ის წინააღმდეგ.
რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას ევროდეპუტატები სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
"გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას ექიმ დევიდ ე. სმითის ტოქსიკოლოგიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილი მრავალი პათოლოგიური სიმპტომი მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგია, რაც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას; ვიმეორებთ, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და უნდა აგოს პასუხი, თუ მას რაიმე დაემართება; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაჭრელად; მოვუწოდებთ კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, აქტიურად ჩაერთოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში; ვიმეორებთ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად, ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკების, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელებისა და მათი ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; ამ კუთხით ვიხსენებთ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და სხვა მედიასაშუალებების რეჟისორებისა და დამფუძნებლების საქმეს, როგორიცაა ფორმულა TV და პირველი TV; გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი, რომელიც ეფუძნება საეჭვო ბრალდებებს, მიუხედავად საქმის მიმართ წამოჭრილი მნიშვნელოვანი კითხვებისა, კერძოდ მის ვადასა და ბრალდებებზე; მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია; ვიხსენებთ კომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებაში მითითებულ ძირითად პრიორიტეტებს, მათ შორის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, უზრუნველყონ, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს; იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის საგარეო მოქმედებების სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გააგრძელებენ ადგილზე მონიტორინგს საქართველოში განხორციელებულ ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან".
გარდა ამისა, დოკუმეტში მოხსენიებულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე:
"სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით, პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრირებაა; პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება ეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ განზრახვებს".
დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ "სიტყვიერი თავდასხმების ევროპარლამენტის წევრებზე" და სხვა დასავლელ პარტნიორებზე. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პარტნიორები არ ცდილობენ "ჩაითრიონ საქართველო ომში", მსგავსი ბრალდებები კი "უსაფუძვლო და დამაზიანებელია".
რეზოლუციაში არის დადებითი შეფასებებიც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ "ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ მყისიერად გადადგმულ ნაბიჯებს, [ევროკომისისს] პრიორიტეტებზე სამუშაოდ". ევროდეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ რეფორმებზე მუშაობა იყოს "ინკლუზიური და გამჭვირვალე".
დეპუტატები მიესალმებიან შრომითი რეფორმების მიღებასაც. მათი აზრით, ახლა საქართველომ უკეთ უნდა იზრუნოს შრომითი უფლებების დაცვაზე, შექმნას ეფექტური შრომითი ინსპექცია და მისცეს მას შესაბამისი უფლებამოსილება, ცოდნა და რესურსები:
"შრომითი ორგანიზაციებთან და სოციალურ პარტნიორებთან კონსულიტაციით, [საქართველომ] უნდა მიიღოს კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ, შექმნას სოციალური დაცვის ეფექტური პროგრამები მშრომელებისთვის და შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა არაფორმალური სექტორის ფორმალიზებისთვის".
გარდა ამისა, რეზოლუციაში წერია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს კანონდებლობის დახვეწას და "სრულად ფუნქციური საბაზრო ეკონომიკის" შენებას.
ამასთან, შესწორება #10-ში ევროპარლამენტი მიესალმება იმას, რომ "საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების კანონპროექტი გადაეგზავნო ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახლა ხელისუფლებისგან მოელიან, რომ ის შეასრულებს მათ რეკომენდაციებს.


