ადვოკატი – ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ დაიწყებს
14/12/2022 14:24:54 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აღარ დაიწყებს. ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექს–პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარების თხოვნის საფუძველზე მიიღო.
ადვოკატმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.
"ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, თითქოს მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზებას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა. მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტარების განხილვაში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდა.


