ხოშტარია: "ერთადერთი გამოსავალი არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა"
14/12/2022 17:35:07 პოლიტიკა
პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ საჭიროა ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა.
"დროას", "გირჩი - მეტი თავისუფლებას" და "სტრატეგია აღმაშენებელის" საერთო ბრიფინგზე ხოშტარიამ თქვა, რომ ყველა პარტიამ პირადი ინტერესი გვერდით უნდა გადადოს.
"შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადიმანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს პირველ რიგში დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში. ეს არის არამხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ და მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებული საერთოდ ფიქრთანაც ევროკავშირში გაწევრიანების. ეს ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაკისრებს პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას, ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით", - თქვა ხოშტარიამ.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა.


