„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“: "2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მედიის 57 თანამშრომელი დაიღუპა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია"
14/12/2022 18:09:54 პოლიტიკა
2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მედიის 57 თანამშრომელი დაიღუპა, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მასმედიის მინიმუმ 65 თანამშრომელი გაიტაცეს. კერძოდ, უკრაინის საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ჟურნალისტი დმიტრო ჰილიუკი უკანასკნელად 4 მარტს ნახეს კიევის ოლქის დაბა დიმერში, რომელსაც მაშინ რუსეთის ჯარები აკონტროლებდნენ. ჰილიუკის შემდგომი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.
"სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უკრაინაში რვა ჟურნალისტი დაიღუპა", – აცხადებს ორგანიზაცია.
მისი ცნობით, "1 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაკავებულია 533 ჟურნალისტი".
"ეს მაჩვენებელი 13,4%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. დაკავებულთა 15% ქალები არიან. ამ შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის ხუთ ქვეყანაზე. ესენია: ჩინეთი, ბირმა (მიანმარი), ირანი, ვიეტნამი და ბელარუსი", – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჟურნალისტების მუშაობის პირობები საგრძნობლად გაუარესდა. ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები იძულებული არიან, იმუშაონ უმკაცრესი ცენზურის პირობებში, მკაცრი სასჯელის საფრთხის ქვეშ.


