პუტინს პასუხები აღარ აქვს

15-12-2022 15:24:42 ანალიზი

ყოველწლიური “დიდი პრეს-კონფერენციის” გაუქმების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოლოწუთს პირადად მიიღო მას შემდეგ, რაც სპეცსამსახურებმა ვერ მისცეს იმის გარანტია, რომ “რუსეთის ტერიტორიაზე ახალ უკრაინულ დივერსიებს” აღკვეთდნენ, - იუწყება გამოცემა “”The Moscow Times” რუსეთის მთავრობასა და კრემლთან დაახლოებულ 6 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

პუტინის წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციები ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგულარულად იმართებოდა, თუმცა როგორც ორიოდ დღის წინ გახდა ცნობილი, 2022-ში გაუქმდა.

ჯერ კიდევ შემოდგომით კრემლში სწამდათ, რომ პუტინი, ჩვეულებისამებრ, მოქალაქეების წინაშე წარსდგებოდა. მთავრობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტრადიციული სქემით მუშაობდნენ: უწყებებისგან ითხოვდნენ აქტუალურ მასალას, სკურპულოზურად ამზადებდნენ ცნობებს, რეფერენტურას კი დავალებული ჰქონდა მუშაობა თეზისებზე, რომლებიც პრეზიდენტის მაგიდაზე დაიდებოდა, - აცნობეს “The Moscow Times”-ს წყაროებმა მთავრობიდან და კრემლიდან.

გამოცემამ ანონიმურობის დაცვის პირობით შეძლო ამ ინფორმაციის დადასტურების მოპოვება მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე მოქმედი მოხელისგან.

“დიახ, ერთმანეთში დროდადრო განვიხილავდით, რომ ვითარება არცთუ სახარბიელოდ ლაგდებოდა, მაგრამ ყველა თავს იქნევდა: “ხელმძღვანელი კლდესავით გვყავს და ყველაფერს თავს გაართმევს, გაუქმებას პრინციპულად არ ისურვებს, ხოლო მისი ცოდნა და გამოცდილება “დიდ ჟანრში” მუშაობის მიმართულებით ვითარების სათავისოდ შეტრიალების საშუალებას მისცემს — რუსეთი ხომ სადღეისოდ მართლაც ალყაშემორტყმული ციხე-სიმაგრეა, პუტინი კი – მისი კომენდანტიო” – უამბო “The Moscow Times”-ს ერთ-ერთმა მათგანმა.

“კრემლში შოკში იყვნენ”

თუმცა დეკემბრის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ ვითარება “დიდი ფორმატებისთვის” (როგორც შემაჯამებელი პრეს-კონფერენციისთვის, ისე მოსახლეობისადმი მიმართვისთვის) უკიდურესად არახელსაყრელია.

ხერსონის დაბრუნება, ანექსირებულ სევასტოპოლში რუსული სამხედრო ფლოტის ბაზაზე საჰაერო იერიშები, აფეთქება ყირიმის ხიდზე, მობილიზაციის გამოცხადება, რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების სპეცოპერაციები (სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმების ჩათვლით), — ამ ყველაფერმა პუტინს ყველა ის “კოზირი” გაუცამტვერა, რომლითაც მოსახლეობის წინაშე უნდა წარმსდგარიყო.

“იმის შესახებ, რომ არასახარბიელო ვითარება იქმნებოდა, თათბირებზე დიდი ხანია, საუბრობდნენ, თუმცა ვერდიქტები არ გამოჰქონდათ. ნოემბერში კი ადმინისტრაციაში გამართულ თათბირებზე აკურატულად, მაგრამ პირდაპირ დაიწყეს სიგნალიზირება შემაჯამებელ პრეს-კონფერენციასთან დაკავშირებული სერიოზული საინფორმაციო რისკების თაობაზე” – განუცხადა გამოცემას საკითხში ჩახედულმა წყარონ.

კიდევ ერთმა რესპონდენტმა გაიხსენა, რომ სტრატეგიული ავიაციის ბაზირების სამხედრო აეროდრომებზე უკრაინელი სამხედროების შეტევების შემდეგ “კრემლში შოკში იყვნენ”.

“დივერსიების საკითხი დეტალურად განიხილებოდა ძალოვანებთან თათბირებზე. ისინი იფიცებოდნენ, რომ მსგავსი რამ სამომავლოდ აღარ განმეორდებოდა. თუმცა შემდგომში ვეღარავინ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ რაიმე მსგავსი კიდევ არ მოხდებოდა უშუალოდ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციამდე. ცხადია, მოწინააღმდეგე ამას ყველანაირად ეცდებოდა. პრეზიდენტიც საქმის კურსში იყო ამის თაობაზე და ეს ძლიერი არგუმენტი აღმოჩნდა პრეს-კონფერენციის გამართვის წინააღმდეგ” – უამბო გამოცემას ჩინოსანმა.

მისივე თქმით, ფრონტიდან პოზიტიური სიახლეების არარსებობა აიძულებს პუტინს, მნიშვნელოვნად შეამციროს სამხედრო კამპანიასთან დაკავშირებული თავისი ღონისძიებების სიხშირე. ეს რეკომენდაცია მას კრემლის პოლიტიკური ბლოკიდან მისცეს, რომელსაც სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს.

“ხერსონის დაბრუნების შესახებ შეფი უკვე თვეზე მეტია, დუმს. უკან დახევის შესახებ ნებისმიერი გამონათქვამი ხომ ანტირეიტინგს ზრდის, ამიტომაც პუტინის ნაცვლად სხვებს უწევთ განმარტებების კეთება”, — დასძინა კრემლელმა ჩინოსანმა.

კარგი სიახლეების ინკუბატორი

აღმოჩნდა რა რთულ ვითარებაში, პოლიტიკური ბლოკი გამალებით ცდილობს, ჩართოს თავისი “კარგი სიახლეების ინკუბატორი” — ტექნოლოგია, რომელსაც ჩვეულებრივ არჩევნების დროს იყენებს.

ცენტრიდან რეგიონების ადმინისტრაციებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელობებს მიეცათ დავალებები, აგროვონ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ინფორმაციები.

მსგავსი დავალებების მიღება “The Moscow Times”-ს რამდენიმე ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კომპანიაში დაუდასტურეს.

“მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა უარესდება, ამასთანავე, იზრდება შფოთვა და განგრძობადი ომით გადაღლა, პრეზიდენტი მოქალაქეებში რაღაც პოზიტიურთან უნდა ასოცირდებოდეს, კარგი სიახლეების გამხმოვანებელი უნდა იყოს” – განმარტავენ კრემლის ლოგიკას გამოცემის წყაროები.

ისინი ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ პუტინმა მოუხშირა მონაწილეობას საჯარო ფორმატებში, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებდა. ახლა მის საჯარო განრიგში უშიშროების საბჭოს სხდომებისა და საერთაშორისო ზარების გვერდით ისეთი ღონისძიებები ფიგურირებს, როგორიცაა მეფრინველეობის ცენტრის საზეიმო გახსნა, სახელმწიფო კორპორაციებისთვის იუბილეების მილოცვა, გარემონტებული საავტომობილო გზის გახსნა და სხვა მსგავსი.

თუმცა მთელმა ამ ძალისხმევამ ეფექტი ვერ გამოიღო. კრემლის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეთა 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა, ომის გაგრძელებას კი მხოლოდ 25% უჭერს მხარს. ამასთან, ომისადმი დამოკიდებულების მკვეთრი გაუარესება სექტემბრის “ნაწილობრივი” სამხედრო მობილიზაციის შემდეგ დაფიქსირდა, - წერდა «Медуза».

“The Moscow Times”-ის ყველა რესპონდენტი აღიარებს, რომ შემაჯამებელი პრეს-კონფერენციის მთავარი თემა უკრაინის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” უნდა ყოფილიყო.

“ყველა სხვა თემა ახლა ნაკლებ საინტერესოა და ნაკლებად თვალშისაცემი” – განმარტავენ კრემლელი ჩინოსნები. - “დიდი ფორმატის” ტრადიციულად ჩატარების მცდელობა იმ ფონზე, რომ პირდაპირ ეთერებში საყოფაცხოვრებო პრობლემები პუტინის პირადი ცხოვრების, საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ საჭირბოროტო კითხვებს ენაცვლება, ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული. კითხვების ნახევარი ხომ იქნებოდა სერიიდან “ძმა დაუქვემდებარეს მობილიზაციას და 1942 წელს წარმოებული ჩაფხუტი მისცეს, დანარჩენი ამუნიციის ყიდვა თავად მოგვიწია. რატომ?”, მეორე ნახევარი კი იქნებოდა კითხვები კიდევ უფრო უხერხული საკითხების სერიიდან”.

სტრატეგიული ჩიხი

შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური აზრი ექნებოდა სამხედრო კორესპონდენტების შეკრებას და პრეზიდენტის მიერ მათთან მომენტის შესაბამისი, გააზრებული საუბრის გამართვას, - განუცხადა “The Moscow Times”-ს კრემლის პოლიტიკური ბლოკის ყოფილმა თანამშრომელმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ კრემლში მსგავსი საუბრებისთვის ჯერ მზად არ არიან.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავად პრეზიდენტსა და მის გუნდს სადღეისოდ არ გააჩნიათ პასუხები უამრავ კითხვაზე, რომელთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება, - აღნიშნა გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელმა, რომელიც რუსეთის მთავრობის ჩინოსნებთან ერთად ფაბლიქ-სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესის მონაწილეა.

“და რაზე უნდა ისაუბროს? კითხვა სულ უფრო მეტია, პასუხები – სულ უფრო ნაკლები, თანაც თავად გადაწყვეტილებების მიმღებ პირებშიც!”, — აღნიშნა მან.

“მსგავს პირობებში პუტინი შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე სასიხარულო სიახლეების გამხმოვანებლის როლს ვერ შეასრულებდა. სწორედ ამიტომ მიიღეს კრემლში ტაქტიკურად გამართლებული გადაწყვეტილება: ამჯობინეს, პუტინი “ზედმეტად” აღარ გამოჩნდეს და მხოლოდ პრეს-კონფერენციის გაუქმების გამო იწვნიოს გარკვეული ნეგატივი, ვიდრე ინიციატივის სრული დაკარგვა და სტრატეგიის არარსებობა საჯაროდ წარმოაჩინოს”, - თვლის პუტინის ყოფილი სფიჩრაითერი, პოლიტიკური კონსულტანტი აბას გალიამოვი და იქვე დასძენს, რომ “ეს გადაწყვეტილება მეტყველებს სტრატეგიულ ჩიხზე, რომელშიც რუსეთი შევიდა”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები