"მოლდოვამ 68%-ით გაზარდა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი და ამ დროს საქართველოს ბიუჯეტიდან 90 მლნ ლარია გამოყოფილი უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად"
15/12/2022 14:30:49 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გამაოგნებელია "ქართულ ოცნების" არხეინობა".
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მაშინ, როცა მოლდოვა თავდაცვის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდის და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზეა ორიენტირებული, საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონობით თანხას უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად ხარჯავენ.
"ჩემთვის გამაოგნებელია "ქართულ ოცნების" არხეინობა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვამ 68%-ით გაზარდა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი და პირველ რიგში, რასაც აპირებს საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაა. და ჩვენ რას ვაკეთებთ? 90 მლნ ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად. ისინი რომ იმღერებენ, რუსული რაკეტები და თვითმფრინავები მოტრიალდებიან და უკან გაიქცევიან. შევხედოთ რა ხდება რეგიონში – ამ წუთებშიც აზერბაიჯანის საზღვართან ცალკე ირანი ატარებს წვრთნებს, ცალკე აზერბაიჯანი და თურქეთი. ომის ზღვარზე არიან. სომხეთი და აზერბაიჯანი როგორ ურთიერთობაში არიან ვხედავთ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რას აკეთებს ვხედავთ კი არა და აგერ არის შემოსული და ქვეყნის 20% აქვს წაღებული და ამ დროს ჩვენ უცხოელი მომღერლები უნდა ჩამოვიყვანოთ. ამას ვაკეთებთ იმის ნაცვლად, რომ სამხედრო ბიუჯეტი გავზარდოთ, საჰაერო თავდაცვის სისტემები შევიძინოთ და დაცულები ვიყოთ", – აცხადებს ელისაშვილი.


