გიული ალასანია –კადრების შესახებ: "მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია"
15/12/2022 14:59:00 პოლიტიკა
"მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ გავრცელებული კადრები არის პოლიტიკური პორნოგრაფია", – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთ კადრში თავადაც ფიგურირებს:
„გავრცელებული კადრები, როგორც შევამჩნიე, ძალიან აქტუალურია, თვითონ მას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პორნოგრაფია, რაც მან ნახა. სხვათა შორის ერთ-ერთ კადრში მეც ვარ, ვიღაც თავისმომჭრელებმა კადრში თავი მომჭრეს, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ“.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას, ყოფილი პრეზიდენტის დედა აღნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტი „ძალიან გამხდარია, უჭმელია და უმადობა აქვს.“
ამასთან გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მადლობელია პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გამოცხადებული შიმშილობასთან დაკავშირებით .
„მადლობელია და იცოდა ამის შესახებ უკვე. მისი ასეთი ფორმით მხარდაჭერაა, ყველა შემთხვევაში მადლობელია“, - განაცხადა ალასანიამ.


