უკრაინა ქართულ მხარეს სააკაშვილის სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს
15/12/2022 19:35:39 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ დააკმაყოფილოს სააკაშვილის მოთხოვნა სასჯელის გადავადების შესახებ, რათა მას ევროპაში ან ამერიკაში მკურნალობის საშუალება მიეცეს.
"უკრაინის მოქალაქეს კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს, რომ მას შესაბამის სამედიცინო მკურნალობაზე ჰქონდეს წვდომა, ასევე დაკმაყოფილდეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ მოთხოვნა, რათა ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაიყვანონ", -ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს.
"უკრაინა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


