პარლამენტში მოშიმშილეებს კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა, ისინი პაპუაშვილმა მოინახულა
16/12/2022 07:07:07 პოლიტიკა
პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.
"მე მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იქნება შიმშილობის აქცია, თუ სხვა. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. შიმშილობას ვაპირებ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება. როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ პროგრესი აღინიშნება რეალური, შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა,"- განაცხადა ჯანაშიამ.
ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვამ პარლამენტში შიმშილობა გუშინ დაიწყეს.
მოშიმშილეები დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდა და მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შიმშილობა არ არის ის ფორმა, რომლითაც უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიმართ გადაწყვეტილებების იძულება:
„რა თქმა უნდა, ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იშიმშილონ. მნიშვნელოვანია, რომ ითანამშრომლონ პარლამენტის აპარატთან და ამ მხრივ, იყოს სიმშვიდე პარლამენტში. პარლამენტი არ არის ის ადგილი, ვისაც უნდა მოუწოდონ ასეთ საკითხებზე. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ყველა საკითხი წყდება სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით და მოწოდება, იძულება, შანტაჟი, მით უმეტეს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად არის მიუღებელი. პირიქით, ასეთი საქციელი საბოლოო ჯამში ახალისებს მიხეილ სააკაშვილს, რომ მან უფრო მეტად არ ითანამშრომლოს სასჯელაღსრულების სისტემასთან ან ექიმებთან”.


