პუტინი წლის მთავარ ლუზერად იქცა

16-12-2022 13:26:27 ანალიზი

პუტინი ელვისებრი გამარჯვების მოპოვებას გეგმავდა. მაგრამ ამის ნაცვლად წლის მთავარი ლუზერის, საერთაშორისო მასშტაბით ზურგშექცეულის ტიტულები და რუსეთის, როგორც “ზედერჟავის” სტატუსის ჩამოშლა მიიღო, - თვლის ატლანტიკური საბჭოს UkraineAlert სამსახურის ანალიტიკოსი პიტერ დიკინსონი.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, პუტინი წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე უარს ამბობს. ყოველწლიური ღონისძიების მოულოდნელი გაუქმება მორიგი ნიშანია იმისა, რომ კრემლში ყველაფერი რიგზე არაა.

ათივე წლის განმავლობაში დეკემბრის ყოველწლიური პრეს-კონფერენციები დეტალურად დაგეგმილ პროპაგანდისტულ სპექტაკლებს წარმოადგენდა, რომლის დროსაც დიქტატორი რუსეთის მოქალაქეებსა და მსოფლიოს თავის “ძლევამოსილებასა” და “კლასს” უჩვენებდა. თუმცა უკრაინაში განცდილი სამხედრო კრახის შემდეგ პუტინი ყველაზე მორჩილ აუდიტორიასთან შეხვედრასაც კი თავს არიდებს.

პუტინი და ზელენსკი

სანამ დიქტატორი კამერებს ემალება, მისი მოწინააღმდეგე ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე წელს საერთაშორისო აღიარების ტალღაზე ასრულებს. რამდენიმე უმსხვილესმა მსოფლიო გამოცემამ (მათ შორის - ჟურნალმა “TIME” და გაზეთმა “Financial Times”) უკვე დაასახელა უკრაინის პრეზიდენტი წლის ადამიანად. ამასთან, მას რეგულარულად მოიხსენიებენ მხოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად. ზელენსკის მზარდი ავტორიტეტი წარმოადგენს მისი ლიდერობის აღიარებას საომარ პერიოდში და ამასთანავე, ასახავს გლობალურ აღფრთოვანებას უკრაინის მედგარი წინააღმდეგობით რუსეთის აგრესიის მიმართ.

ეს კონტრასტი კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მთელს სიბრიყვეს პუტინის გადაწყვეტილებისა, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმსხვილესი შეიარაღებული კონფლიქტი გაეჩაღებინა. მისი საწყისი გეგმა ითვალისწინებდა ელვისებრ გამარჯვებას, რომელიც გაანადგურებდა უკრაინის დამოუკიდებლობას და სამუდამოდ დააბრუნებდა კიევს კრემლის ორბიტაზე. მაგრამ ამის ნაცვლად პუტინი იქცა საერთაშორისო მასშტაბით ზურგშექცეულ პერსონად, რომელმაც რუსეთის, როგორც სამხედრო “ზედერჟავის” რეპუტაცია გააცამტვერა. მისი უკრაინელი მოწინააღმდეგეები კი მზარდი რწმენით ელიან დამდეგი წლისთვის სრულიად რეალურ ისტორიულ გამარჯვებას.

პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, პუტინი 2022 წლის მთავარი ლუზერია

პუტინის არმიამ უკვე წააგო რამდენიმე საკვანძო ბრძოლა, მათ შორის – შეტაკებები კიევისთვის, ხარკოვისა და ხერსონისთვის. ითვლება, რომ 100 000-ზე მეტი რუსი მეომარი იქნა მოკლული ან დაჭრილი, ათასობით ერთეული რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი კი განადგურდა ან უკრაინელებმა ჩაიგდეს ხელში.

ამ დანაკარგებმა აიძულა პუტინი, რუსეთში 1945 წლიდან პირველი სამხედრო მობილიზაცია გამოეცხადებინა, — გადაედგა ნაბიჯი, რომელმაც რუსეთში დესტაბილიზაცია მოახდინა და მანამდე დიქტატორის მიმართ ლოიალური შიდა აუდიტორიაც კი ქვეყნიდან გაქცევაზე დააფიქრა.

სამხედრო დანაშაულების მხილება

რუსეთის საერთაშორისო იმიჯი საბოლოოდ შეილახა მშვიდობიან უკრაინელთა მიმართ სამხედრო დანაშაულების გამოაშკარავებით. რუს სამხედროებს უკრაინის ტერიტორიაზე გატაცებებში, სექსუალურ ძალადობაში, წამებასა და მასობრივ მკვლელობებში ედებათ ბრალი. მილიონობით უკრაინელი ძალისმიერ დეპორტაციას დაექვემდებარა, არაშერჩევითი საჰაერო იერიშების პოლიტიკამ კი ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ათობით უკრაინული დაბისა და სოფლის მიწასთან გასწორება გამოიწვია.

ბოლო თვეებში რუსეთმა დაიწყო ასევე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება აშკარა განზრახვით, მშვიდობიანი მოსახლეობა ყინვაში ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დატოვოს.

უამრავი საერთაშორისო დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი, მით უფრო, რომ მას კრემლელი ჩინოსნებისა და პროპაგანდისტების დაუფარავად გენოციდური გამოხტომების განუწყვეტელი ნაკადი ერთვის თან.

ბირთვული შანტაჟის უკუეფექტი

ბევრი გაოგნებულია ასევე პუტინის მზადყოფნით, ბირთვული იარაღი აჟღარუნოს. რუსმა ლიდერმა სუსტად ვუალურებული ბირთვული მუქარა უკვე არაერთგზის გააჟღერა.

თუმცა ამ შანტაჟმა მკვეთრი რეაცია გამოიწვია: აშშ-ის ოფიციალური პირები მოსკოვს “კატასტროფულ პასუხს” დაჰპირდნენ.

პუტინის შანტაჟით რუსეთისადმი თითქოსდა კეთილგანწყობილი ჩინეთიც კი აღფოთდა.

პუტინის რუსეთის იზოლაცია

ამ ყველაფერმა რუსეთი საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო იზოლირებულად აქცია, ვიდრე ოდესმე ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომი ასწლეულის განმავლობაში.

კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამასწინათ გულახდილად აღიარა: “ჩვენ აღარავის მოვწონვართ, თუმცა არც ვაპირებთ, მოვეწონოთო”. შესაძლოა, მას უპირველესად, დასავლეთი ჰყავდა მხედველობაში, თუმცა ეს კომენტარი ასახავდა უფრო ფართო რეალობას – რუსეთის სულ უფრო არასახარბიელო საერთაშორისო მდგომარეობასაც.

მოსკოვის იზოლაცია ყველაზე თვალსაჩინო გაერო-შია, სადაც წევრი ქვეყნების გადამჭრელი უმეტესობა უკრაინაში შეჭრას გმობს და მხოლოდ ანალოგიურად იზოლირებულთა მცირე ჯგუფი (მაგ., სირია და ჩრდილოეთ კორეა) რჩებიან მზადყოფნაში, რუსეთს დაუჭირონ მხარი.

რუსეთის მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში

კრემლი შესამჩნევად კარგავს გავლენას მთელს ყოფილ საბჭოთა იმპერიაში.

ყაზახეთი ღიად დისტანცირდება რუსეთისგან, იმყარებს რა კავშირებს ჩინეთთან, თურქეთსა და დასავლეთთან.

აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად იგნორირებს რუსეთის, როგორც რეგიონული მშვიდობისმყოფელის ნომინალურ როლს.

სომხეთი კი ამ დროს აღშფოთებას აღარ მალავს მოსკოვის უუნარობით, მისი რაიმე სახის დაცვა მაინც უზრუნველჰყოს.

ბელარუსი დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკოც კი, რომლის პოლიტიკური გადარჩენა თითქმის სრულადაა დამოკიდებული კრემლზე, ამ დრომდე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას რუსეთის ზეწოლისთვის და თავის არიდებას უკრაინასთან ომში პირდაპირი ჩაბმისთვის.

ვითარება ფართო საერთაშორისო არენაზე

უფრო ფართო საერთაშორისო არენაზე აშშ-მა უკრაინის დასავლური მხარდაჭერის განმტკიცება შეძლო.

ამასობაში პუტინის ძალისხმევამ, ენერგომატარებლების ექსპორტი იარაღად ექცია, უკუშედეგი გამოიღო და აიძულა ევროპული ქვეყნები, რუსეთზე დამოკიდებულებაზე მტკიცედ ეთქვათ უარი.

“ბრიქსის” სახელმწიფოები (ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) რუსული რესურსების შესყიდვას აგრძელებენ, მაგრამ უკვე საკუთარი პირობებითა და რეკორდული ფასდაკლებებით. ამასთან, მათ უარი განაცხადეს რუსეთის ქმედებების მხარდაჭერასა და მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაზე.

ამ ყველაფერმა აიძულა კრემლი, ისეთ ქვეყნებში ეძებოს ტანკები, საარტილერიო ჭურვები, უპილოტოები და რაკეტები, როგორიცაა ირანი და ბელარუსი.

რისი იმედი შეიძლება, გააჩნდეს პუტინს 2023 წელს?

რუსი დიქტატორი იმედებს, როგორც ჩანს, იმაზე ამყარებს, რომ დასავლელი ლიდერები გადაიღლებიან და აიძულებენ კიევს, გააფორმოს გარკვეული კომპრომისული შეთანხმება, რაც რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, აშკარა მარცხის ვითარებაში ერთგვარი “გამარჯვება” გაიფორმოს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მხარდამჭერთა უმეტესობა საჯაროდ აცხადებს, რომ “თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის და რა პირობებით აწარმოონ სამშვიდობო მოლაპარაკებები”, მოვლენათა პუტინისეული სცენარით განვითარება ნაკლებ რეალისტურად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ვერც ერთი უკრაინული მთავრობა ვერ გაწირავს მილიონობით თავის თანამოქალაქეს უვადო რუსული ოკუპაციის კოშმარისთვის.

გაცილებით რეალისტური სცენარია, კარგად აღჭურვილმა, გაწვრთნილმა და მაღალმოტივირებულმა უკრაინელმა სამხედროებმა გააგრძელონ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, რუსეთმა კი ამ დროს სულ უფრო მეტი დანაკარგი იწვნიოს ცუდად გაწვრთნილ და ეკიპირებულ ახალწვეულებში.

ეს პუტინის რეჟიმისთვის კატასტროფის რეცეპტია. უკრაინაში მყოფი რუსული ჯარი უკვე ღრმადაა დემორალიზებული, მისი შემდგომი გამოფიტვა კი ზრდის მასშტაბური სამხედრო კოლაფსის ალბათობას, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება თავად რუსეთის ფედერაციის მომავლისთვისაც.

თანამედროვე ეპოქის უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა

პუტინს უყვარს იმის გამეორება, რომ სსრკ-ის დაშლა “უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა და ტრაგედია იყო”. მაგრამ 2022 წელი დასასრულს უახლოვდება და უკვე ნათელია, რომ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ უდიდეს გეოპოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენდა სწორედ მისი საბედისწერო გადაწყვეტილება, უკრაინაში შეჭრილიყო.

პუტინის ოცნებამ, ჩამოეშალა 1991 წლის შემდეგ დამყარებული მსოფლიო წესრიგი და აღედგინა რუსეთის იმპერია, რუსი დიქტატორი გლობალური უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ აქცია და პირდაპირ კონფრონტაციაში ჩააყენა მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოების კოალიციასთან, რომელიც, თავის მხრივ, დიდხანს მერყევობდა, სანამ ჩამოყალიბდებოდა ერთიან აზრზე პუტინის მარცხის აუცილებლობის შესახებ.

პუტინი 2023 წელში პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე შედის. დამდეგი წელი, როგორც ჩანს, ყველაზე მძიმე და ბნელი იქნება მთელი მისი 22-წლიანი მმართველობის განმავლობაში და არც ისაა გამორიცხული, უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები