"ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავისი რიტორიკა უნდა შეცვალოს ევროკავშირთან დაკავშირებით"
16/12/2022 09:54:42 პოლიტიკა
"ღია საზოგადოების ფონდმა", კავშირმა "საფარმა", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" ბრიუსელში, 5-7 დეკემბერს გამართული ვიზიტი შეაჯამეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მათ ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესთან დაკავშირებით და განიხილეს ის მთავარი გამოწვევები, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სჭირდება.
როგორც ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტას, ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი რიტორიკა ევროკავშირთან დაკავშირებით.
ყურადღება მახვილდება სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან განვიხილეთ, ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას ევროკავშირისადმი. ის ტერმინები და ფრაზები, რა ფრაზებითაც „ქართული ოცნება“ საუბრობს ევროპარლამენტარებზე. ევროკავშირზე თავდასხმა, მათთვის იმის დაბრალება, რომ ომში გვითრევენ, ან კონკრეტული პოლიტიკოსების გალანძღვა ევროპარლამენტიდან, ევროკავშირში შეშფოთებას იწვევს. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი ინდიკატორი, რომლითაც ჩანს, გვსურს თუ არა ჩვენ და ასევე, ჩვენს ხელისუფლებას ევროკავშირისკენ სვლა, ამ საკითხებზე გადის. აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სტრუქტურების და ევროპარლამენტარების ლანძღვა და არ უნდა გაიმეოროს ის ტყუილი, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომისკენ ექაჩება. ევროკავშირი ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. ისინი ამბობენ, რომ ეს არის კავშირი, რომელიც ცდილობს, ყველგან მშვიდობა დაამკვიდროს. ისინი ასევე დიდი ინტერესს იჩენდნენ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის ავადმყოფს ადეკვატური მკურნალობა უნდა უტარდებოდეს და თუ ეს მკურნალობა ვერ მიეწოდება საქართველოში, მაშინ ის შესაბამის ქვეყანაში უნდა გადაიყვანონ. ევროკომისია ასევე ინტერესდებოდა კონკრეტული საკითხებით, მათ აინტერესებთ, თუ რა ვითარებაში უწევს მუშაობა სამოქალაქო სექტორს, რა მდგომარეობაა იმ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელზეც მიდის საუბარი. ისინი ფიქრობენ, რომ გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოთქმული კონკრეტული გამონათქვამები და მაკონტროლებელი სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობის მიღება, განსაკუთრებით, ისეთი ტიპის კანონი, რომელიც უცხოურ დაფინანსებას კრძალავს, ან მოიხსენიებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოურ აგენტებად. ფიქრობენ, რომ ეს არის კარგად ნაცნობი რუსული სცენარი, მათი კანონმდებლობის შესაბამისი ვარიანტი და ცხადია, ამისგან თავი უნდა შეიკავოს საქართველოს ხელისუფლებამ. უშუალოდ ევროკომისია დაინტერესდა ქალებთან დაკავშირებული საკითხითაც. ევროკომისია მიიჩნევს, რომ სტამბოლის კონვენციის შესაბამისობაში უნდა იყოს ქართული კანონმდებლობა, მათ შორის სქესობრივ დანაშაულებთან დაკავშირებული თავიც", - განმარტა კავშირ "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ.


