ბრეგაძე: "მიხეილ სააკაშვილისთვის ერთ წელში 200 000 ლარამდეა დახარჯული"
16/12/2022 17:07:27 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფომ დაახლოებით, 200 000 ლარამდე დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, "ქართული ოცნების" დეპუტატ რიმა ბერაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
"დაახლოებით, [მიხეილ სააკაშვილისთვის] 200 000 ლარამდეა დახარჯული ერთი წლის განმავლობაში და ერთი პატიმრის შენახვაზე, წელიწადში, დაახლოებით 17 400 ლარი იხარჯება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ, თუმცა მას არ დაუზუსტებია რამდენი ლარი უჯდება სახელმწიფოს სამედიცინო საჭიროებების მქონე პატიმრის შენახვა.
ამასთან, "ხალხის ძალის" წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინტერესდა, როდის დააბრუნებენ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"საზოგადოებაში არის აღქმა და ზედაპირული ანალიზით ასე ჩანს, რომ პატიმარი სააკაშვილი არის პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არის თუ არა ეს ნამდვილად ასე და თუ არის, რატომ? როდის გეგმავთ და როდის გადაიყვანთ პატიმარ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?" - იკითხა დეპუტატმა დაჩი ბერაიამ.
მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ექიმის მითითების შემდეგ მოხდება:
"როგორც მოგეხსენებათ, ის ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ვიმოქმედებთ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. როგორც, მაგალითად, ვიმოქმედეთ გორის შემთხვევაში - როდესაც ის გამოწერეს საავადმყოფოდან, დაბრუნდა მე-12 დაწესებულებაში. როდესაც გვექნება ექიმების შესაბამისი მითითება, ვიმოქმედებთ შესაბამისად".
სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის 1 ოტომბერს დააკავეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.


