17-12-2022 15:49:54
პროფესორის, ენერგეტიკის აკადემიის საპატიო პრეზიდენტის რევაზ არველაძის განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებაც და პრაქტიკულად დამოუკიდებლობაც მაღლა იწევს.
ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
"ის, რომ საქართველოს გავლით ევროპა აზერბაიჯანისგან ელექტროენერგიას მიიღებს ძალიან კარგია. ამ ეტაპზე ფინანსურ მომგებიანობასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებთ, რადგან ხელშეკრულების დეტალები არ ვიცით. თუმცა, როგორც ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა, ეს ეკონომიკურად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ კარგი იქნება.
თვითონ ფაქტი ცალსახ კარგია, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებაც მაღლა იწევს და პრაქტიკულად დამოუკიდებლობაც კი, აქედან გამომდინარე მივესალმები. ეს ფაქტი, ეს კავშირი, მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო" - განაცხადა პროფესორმა.
მისივე თქმით, ჩვენთან რაიმე ავარიული სიტუაცია რომ შეიქმნას, თავისთავად ცხადია, როცა ასეთი ძლიერი კავშირი გაქვს მეზობლებთან იქიდან შენ აუცილებლად გექნება იმის საშუალება, რომ მიიღო ის ელექტროენერგია, რაც დაგაკლდა., ამდენად ამ მიმართულებითაც ძალიან დადებითი ფაქტია.
დღეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.
დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.
ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.
შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.
ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.
მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.