24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა
17/12/2022 16:09:47 პოლიტიკა
24-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიას ევროკავშირის როუმინგის სივრცეში საქართველოს შეყვანისკენ მოუწოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ევროპარლამენტარების წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპული ოჯახის წევრები არიან და ევროპული როუმინგის რეჟიმი მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული ამბიციების გზაზე.
“საქართველომ უკვე რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირთან საერთო როუმინგის სივრცე მათთვის მკაფიო პრიორიტეტია. მას შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგისა (RRA)და რეგიონული სპექტრის (RSA) შეთანხმებებზე ხელმოწერისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს მაღალ დონეზე განვითარებული ტელეკომუნიკაციების სექტორი. ამრიგად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომისია მხარს დაუჭერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო როუმინგის სივრცის შექმნას კოორდინირებული თანამშრომლობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო როუმინგის ტარიფების ეტაპობრივად შემცირების გზით, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად. ეს საქართველოს ევროპული გზისადმი ჩვენი კავშირის განუყოფელი მხარდაჭერის ხელშესახები ნიშანი იქნება“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს 24 ევროპარლამენტარი, მათ შორის სვენ მიქსერი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ ლექსმანი, ანა ფოტიგა, პეტრას აუსტრევიჩუსი და მარკეტა გრეგოროვა.


