3 პარტია – ჰააგის გადაწყვეტილების შესახებ: "ჩვენ მოვამზადოთ, სამართლებრივი საფუძველი, რათა რუსეთს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება"
19/12/2022 07:46:28 პოლიტიკა
"დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანებიან და სამართლებრივი საფუძვლების მომზადებისკენ მოუწოდებენ, რათა ზიანი აუნაზღაურდეთ აგვისტოს ომის დროს დევნილებსა და ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" გიორგი ვაშაძის თქმით, დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებას შეეძლო, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება დევნილებისა და ომში დაღუპული ოჯახის წევრებისთვის, ასევე უნდა დაეწყო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იმ პირების მიმართ, ვინც ჰააგის პროკურორმა საქმეზე დამნაშავედ ცნო.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს".
„პრემიერ-მინისტრი საერთოდ განცხადებასაც კი არ აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრორუსული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე არაფერს ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 10 წლის მანძილზე ეს ადამიანები ჩვენ გვადანაშაულებდნენ 2008 წლის ომის საომარ მოქმედებებში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რა თქვა პროკურორმა - პირველი, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იოტისოდენა მტკიცებულებაც კი არ არის საქართველოს დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და ბრალიც კი არ იქნება წარდგენილი ქართულ მხარესთან მიმართებით. მეორე, ფრაზები „მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო“ ან „სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ“, ყველაფერი ეს გაქარწყლდა. ცალსახადა და მკაფიოდ, დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრალეულობა არის. რა უნდა ხდებოდეს ამის შემდგომ: პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში; მეორე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს და არა მხოლოდ, იმ სიცოცხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა საქართველოში რუსულ აგრესიას. მე ხელში მაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინაა მიღებული და აქ არაფერია ნათქვამი საქართველოზე, რიტორიკულად მაინც დავუსვათ ამ ანტიქართველებს - აპირებენ თუ არა მსგავსი ტიპის რეზოლუციის მიღებას საქართველოსთან დაკავშირებით. [...] მინდა, მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც 'ქართული ოცნება" ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ ერთის მხრივ, ზიანის ანაზღაურება, არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად იყოს განხორციელებული რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას”,- აღნიშნულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


