Accentnews.ge
წულუკიანი: "შავი ზღვის კაბელის პროექტი უდიდესი ამბავია საქართველოსთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი"

წულუკიანი: "შავი ზღვის კაბელის პროექტი უდიდესი ამბავია საქართველოსთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი"

19/12/2022 11:50:02 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერის, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "შავი ზღვის კაბელის პროექტი უდიდესი ამბავია ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი".

„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის და ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირთა, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და მნიშვნელობა. არა მხოლოდ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის სახით, არამედ როგორც ევროპული დიდი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით. ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაც ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს თუ არა. ჩვენი ხელისუფლება ვიდრე იქნება, და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ვიმუშავებთ იმაზე, როგორ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის როლი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოსტრატეგიულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის: 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.

დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის.

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის წყალქვეშა გადამცემი კაბელის პროექტი არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი.

ამასთან, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით პროექტების იმპლემენტაცია.

მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გადამწყვეტ ინსტრუმენტად რჩება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რჩება გადამწყვეტ ინსტრუმენტად მედეგობის, აღდგენისა და რეფორმების წინ წასაწევად. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გაწერილი 17 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების იმპლემენტაცია. მნიშვნელოვანია მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარება და დაკავშირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S