Accentnews.ge
ომბუდსმენის კანდიდატზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ

ომბუდსმენის კანდიდატზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ

19/12/2022 15:16:10 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ ვერ მიიღწა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის ორი კანდიდატი შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი მხარდაჭერა გამორიცხა და ოპოზიციას ხუთი კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან არც ერთს არ უჭერს ოპოზიცია მხარს.

„შეთანხმების ირგვლივ მძიმედ წავიდა საუბარი. ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვა, შეთანხმება არ არის, არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ორი კანდიდატი. იცით, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს აბაშიძე-ბურჯანაძეს. მათ გამორიცხეს ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა და შემოგვთავაზეს ხუთი კანდიდატი იმ დარჩენილი სიიდან, რომელიც განხილული იყო, ადამიანები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გასაუბრება. ჩვენი მხრიდან რეალურად იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არც ერთ კანდიდატს არ ვემხრობით და ვემხრობით იმ შეთავაზებას, რომელიც თავიდანვე, ივლისში იყო გაცხადებული. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ საერთო კანდიდატზე ან თუნდაც, ორზე, ვინც მოაგროვებს საკმარის ხმებს, ჩვენი მხრიდან და არც უმრავლესობის მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ არის. მე არ მიმაჩნია, რომ იაგო არის ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ რაღაც შეთანხმების ფარგლებში განიხილავს. ჩვენი მხრიდან ორი კანდიდატი არის დაკონკრეტებული. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ, მაგრამ გვთავაზობს იმ სიიდან ხუთ ადამიანს, რომლებიც კენჭისყრაზე გამოვლენ. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ჩვენ ამ ადამიანებისგან არ დავუჭერთ მხარს არც ერთ კანდიდატს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ წარვადგინეთ, ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ მგონია, ხუთი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმა. არ მგონია, იაგოს გარშემო უმრავლესობას ჰქონდეს პოზიტიური პოზიცია. ჩვენი მხრიდან იყო მზაობა კონსენსუსის და ამ მძიმე ვითარებაში, მოშიმშილე ადამიანები არიან ფრაქციაში, შევხვდით და გავიარეთ, რადგან მართლა არის მზაობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე საერთო კონსენსუსი ვერც ერთი კანდიდატის გარშემო ვერ გამოინახა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის პროფესიული თვისებებით და სტანდარტებით, ბურჯანაძე და აბაშიძე გაცილებით გამოირჩევიან ხუთეულისგან, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“. კომისია, რომელიც შედგა, ამ კომისიაზეც კი, მათ მიიღეს უმაღლესი ქულები. ამიტომ არგუმენტი არის პოლიტიკური და არა პროფესიული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S