ოპოზიციური პარტიები გმობენ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას
19/12/2022 15:49:17 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას პარტიის ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფოს მართვის რუსულ მეთოდს უწოდებს.
„რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან: აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი კადრები - არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა, - განაცხადა მელიამ.
გიორგი კირთაძეზე თავდასხმა დაგმეს ოპოზიციურმა პარტიებმა. კერძოდ, „დროა“-მ მას სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა:
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას. მსგავსი პროვოკაციებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას „ოცნების“ რუსულ, ძალადობრივ მმართველობას", - ნათქვამია განცხადებაში.
„ლელო საქართველოსთვის" გმობს ფიზიკურ თავდასხმას გიორგი კირთაძეზე და აცხადებს, რომ აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში:
„სამწუხაროდ, მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" სისტემატურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია. ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს. „ლელო" გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ", - აცხადებს ოპოზიციური პარტია.
„სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს გიორგი კირთაძეზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა.
„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების ორგანიზებული იმისთვის, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირება გაღრმავდეს, რადგან კონსოლიდირებული მოქალაქეები აფრთხობს და აშინებს ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა ევროპული არჩევანის რელსებიდან საქართველოს გადაგდება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება ორი მიზნით: დათრგუნოს და დააშინოს საზოგადოება და ქვეყანაში გააღრმაოს სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან ხელისუფლების შენარჩუნების სხვა გზა და საშუალება არ აქვს", - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, „გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, პერსონალურად ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობა, ქვეყნის მოღალატე, მოძალადე, სიძულვილით სავსე რეჟიმის შედეგი".
ბოკერიას მიაჩნია, რომ თავდასხმას ყველანაირი ნიშანი აქვს, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი.
„ასეც რომ არ იყოს, კლიმატი, სადაც ამ სამარცხვინო, ამაზრზენ სურათს ვხედავთ, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედების შედეგი და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - თქვა მან.
ტელეკომპანია „ფორმულის" პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს უცნობმა კაცმა გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი იყო, ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს თავს დაესხნენ.
მოქალაქემ გიორგი კირთაძეს კვერცხები ესროლა, შემდეგ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა. მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია, კაცის სახე დააფიქსირა "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა.
"რაფერ რა მინდა?!.. მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ხარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ. მოღალატე ხარ ქვეყნის... ქვეყნის მოქალაქე ვარ", - ამბობდა კაცი, რომელმაც პოლიტიკოს კვერცხები ესროლა.


