"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ კრემლიდან წამოსული დირექტივა"
20/12/2022 08:37:30 პოლიტიკა
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.
მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ეს თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია თუ "კრემლიდან – ბოროტების სავანიდან წამოსული დირექტივა".
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის თავგადასავალს, მის თავისუფალ, ღირსეულ და ევროპულ მომავალს. ზუსტად ისე უდგას საფრთხე, როგორც ეს პირადად სააკაშვილის შემთხვევაშია. ეს დაგვიდასტურა და გაგვახსენა უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვაში. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისუფლებისათვის, საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტის, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით - იქნება თუ არა ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული, წინდახედული [გადაწყვეტილება], თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი", - თქვა მელიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიმართა, მიხეილ სააკაშვილისადმი ლმობიერება გამოიჩინონ, განსაკუთრებით, შობის წინა პერიოდში.
„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარს და უბრალოდ, კეთილსინდისიერ ადამიანებს საქართველოში. ალბათ, ნახეთ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ზელენსკიმ 19 დეკემბერს, ღამით, ვიდეომიმართვისას.
14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.
ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას.


